მათთვის, ვისაც ჯერ არაფერი გაუგია თევზაობის ამ მეთოდის შესახებ, ან გაუგია, მაგრამ არ ჩასძიებია მის არსს და მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს შექმნილი, ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს ამ მოკლე მიმოხილვის გადაკითხვა, სადაც დეტალებში შესვლის გარეშე იქნება აღწერილი, თუ
რა არის გაშოლტვით თევზაობა
ყველასთვის ცნობილია, რომ წყალსატევზე ხელის ანკესით თევზაობის შემთხვევაში მეთევზის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს თევზის სავარაუდო ადგილსამყოფელამდე სხვადასხვა სატყუარის მიწოდება. ამის განსახორციელებლად ყველა ტრადიციული მეთოდი მეტ-ნაკლებად მსგავს ტექნიკას იყენებს, კერძოდ, სატყუარა მიმაგრებულია ძუის თავში და ჯოხის მძლავრი დაქნევით მეთევზე ახერხებს მის შორ მანძილზე გასროლას, რაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ან თავად სატყუარაა საკმაო სიმძიმის, ან მის სიახლოვეს მიმაგრებულია დამატებითი სიმძიმე, რომლის დახმარებითაც თხელი ძუის კოჭიდან ამოხვევა პრობლემას არ წარმოადგენს. პირველ მიმაგრებულ სურათზე სწორედ ასეთი ტიპის გატყორცნაა ილუსტრირებული.
ვისაც გინახავთ, როგორ ხდება გაშოლტვით თევზაობის შემთხვევაში მწერის იმიტაციის თევზამდე მიწოდება (გატყორცნა), აუცილებლად შეამჩნევდით, რომ ეს პროცესი ტრადიციული მეთოდისგან სრულიად განსხვავებულია. მეთევზე იყენებს სპეციალური დანიშნულების აღჭურვილობას, რომ ეს, ერთი შეხედვით, მარტივი ოპერაცია ჩაატაროს. აღჭურვილობა ვახსენეთ და ბარემ აქვე ჩამოვწეროთ რაზეა საუბარი:
1. სპეციალური წყობის ჯოხი
2. ე.წ. შნური (ძუის მაგივრად)
3. ლიდერი
4. სადავე
5. სატყუარა (ძირითადად მწერის იმიტაცია)
ძირითადი სხვაობა კი ისაა, რომ გაშოლტვით თევზაობის შემთხვევაში სატყუარას წონა არ აქვს, ხოლო სიმძიმის როლს შნური ასრულებს. გატყორცნის სხვადასხვა ტექნიკის წყალობით მეთევზე ახერხებს თითქმის უწონო სატყუარის თევზამდე მიტანას. მეორე სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ ხდება ეს.
უწონო მწერის იმიტაციის თევზამდე მიწოდების, მისი გატყორცნის, ანუ გაშოლტვის სწავლა ალბათ არის უმთავრესი ამ მეთოდით თევზაობისას. ჩათვალეთ, რომ თუ ეს კარგად გამოგდით, ნახევარზე მეტი ათვისებული გაქვთ.
რადგან უკვე გავარკვიეთ, თუ რა განსხვავებაა ტრადიციულ და გაშოლტვით თევზაობისას სატყუარის სროლას შორის, ახლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ მთავარ საკითხზე - თუ რა არის გაშოლტვით თევზაობა. გაშოლტვით თევზაობა ესაა მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ხელოვნური სატყუარის თევზამდე, ანუ ჭერის ობიექტამდე, მიწოდება, სადაც ხელოვნურ სატყუარას უმთავრესად წარმოადგენს სხვადასხვა მწერის იმიტაცია - პეპელა, ბუზი, ფუტკარი, კალია, მატლი და სხვა... დაახლოებით აი ეს არის გაშოლტვით თევზაობის მოკლე დახასიათება. ანუ მეთევზე ამ მეთოდით ცდილობს თევზს შესთავაზოს მის ყოველდღიურ რაციონში არსებული სხვადასხვა მწერის ფართო არჩევანი და ეს მოახერხოს ისე, რომ თევზმა დაიჯეროს, თითქოს ხელოვნურად მოქსოვილი მწერი ცოცხალი და მისთვის საყვარელი გემრიელი არსებაა. ასეთი იმიტაციები სხვადასხვა მასალისგან იქსოვება, მაგალითად მამლის ბუმბულისგან, ბატის ფრთისგან, ლოსის ბეწვისგან და ასე და ასე შემდეგ - ამ ყველაფერზე ჩვენ დეტალურად შევჩერდებით შესაბამის თემებში.
რომ შევაჯამოთ, გაშოლტვით თევზაობისას მეთევზე ხმარობს სპეციალურ ტექნიკას და აღჭურვილობას, რათა უზრუნველყოს მწერის იმიტაციის თევზამდე მიწოდება. სხვადასხვა ფრინველისა თუ ცხოველის ბეწვისაგან მოქსოვილი მწერები იმიტირებენ თევზის ბუნებრივ საკვებს და აიძულებენ მას გადაყლაპოს ჩვენი სატყუარა. ამ მეთოდით თევზაობის შესწავლა გულისხმობს უპირველეს ყოვლისა, გაშოლტვის ტექნიკის დაუფლებას და სწორი, დროული იმიტაციის შერჩევას თევზაობისას. მომდევნო სტატიებში გვექნება განხილული იმიტაციების ნაირსახეობა, აღჭურვილობა, თევზაობის ტაქტიკა და სხვა საინტერესო ასპექტები.
სასიამოვნო გაშოლტვას გისურვებთ!