მოგესალმებით ყველას, ვისაც ნადარბაზევის ტბაზე გითევზავიათ ან არ გითევზავიათ და წელს აპირებთ პირველად ჩამოსვლას. ჩვენი ადმინისტრაცია თავს ვალდებულად თვლის, თქვენს წინაშე წარსდგეს გასული წლის ანგარიშით და სამომავლო გეგმების გაცნობით.
2014 წლის ნოემბერში ნადარბაზევის ტბის ლიცენზიანტები გავხდით. თავის დროზე თევზუხვი წყალსატევი დიდწილად დაცარიელებული დაგვხვდა და ამ ყველაფრის მკვდარი წერტილიდან დაძვრა სერიოზულ ფინანსებს და ძალისხმევას მოითხოვდა. საბედნიეროდ, ნადარბაზევის ტბის ადმინისტრაციაში, თავი მოიყარა ისეთი ადამიანების გუნდმა, რომლისთვისაც სწორი და მიზანმიმართული მენეჯმენტის წარმოება, სპორტული თევზჭერა, თევზი და ზოგადად იხტიოლოგია და გარემოსდაცვის კუთხით სახელისუფლებო რგოლებთან ურთიერთობა უცხო არ იყო. ყოველივე ამან გრძელვადიანი პროცესის პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის საშუალება მოგვცა.
ლიცენზიის გადმოცემიდან უკვე მომდევნო თვეს ნადარბაზევის ტბის გათევზიანების პირველი ეტაპი დაიწყო. ტიბაანის მეურნეობიდან გადმოვასახლეთ უნგრული ჯიშის, იხტიოლოგების თქმით, საუკეთესო კობრი სულ 2000 კგ-მდე, საშუალო წონა 2 კგ.
ლევანი და ირაკლი თბილისის ზღვის ,,ლომები“ არიან და გვირეკავდნენ ყოველ მათ მიერ დაჭერილ საალაფო თევზზე და ჩვენც არ ვიზარებდით და თითო და ორი თევზისთვის, მაგრამ მეთევზეებისთვის სანატრელი თევზისთვის ავდიოდით თბილის ზღვაზე და დიდი კონტეინერებით გადაგვქონდა 5,6,7,8კგ-იანი თევზები ნადარბაზევის ტბაზე. ირაკლი კიკვიძემ კი საერთოდ დაამხო, ჩვენთვის ცნობილი ყველა რეკორდი და თბილისის ზღვაზე დაიჭირა 12,5კგ-იანი სარკისებრი კობრი, რომელიც ახლა ჩვენს ტბაში ბინადრობს.
ყველა ამ ,,გიგანტს“ და საერთოდ ტბაში მობინადრე თევზებს ერთად უნდა გავუფრთხილდეთ და მათი დაჭერის შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ და ნადავლი თავის სტიქიას დავუბრუნოთ!!!
2015 წლის ნოემბერი - გათევზიანების აქცია მიზანმიმართულად ფიდერმენებისთვის და რა თქმა უნდა, ზოდად სპორტული თევზჭერის გასავითარებლად. ტბას შეემატა 400 კგ-მდე მცირე ზომის (500გრ.-800გრ.) კობრი.
2015 წლის აპრილის ბოლოს ნადარბაზევის ტბაზე მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები და შესაბამისად სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება შევძელით. დაცვის თანამშრომლებს შევუქმენით მეტი კომფორტი და პირველად გახდა შესაძლებელი ნადარბაზევის ტბის პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერებით კონტროლი და ბრაკონიერებისგან დაცვა.
როგორც ყველგან ნადარბაზევის ტბაზეც კატასტროფული სანიტარული მდგომარეობა დაგვხვდა. სანაპიროზე ეყარა აბსოლუტურად ყველაფერი, თუ რამე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: ტანსაცმელისა და ლეიბების ჩათვლით. მეთევზეებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, თევზის სხვადასხვა დაავადებებისა და ზოგადად ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად დასუფთავების სამსახური დავიქირავეთ და საერთო ძალებით 60 ჰექტრიანი ტბის სანაპიროს დასუფთავდა. დასუფთავების აქცია იგეგმება წელსაც.
წყალსატევის გარშემო დამონტაჟდა საინფორმაციო ბანერები. გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა დაცვის პოლიციასთან, რომელიც 24 საათის განმავლობაში პერმანენტულად ახორციელებს პატრულირებას ტბაზეც და ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე.
ზამთარს და ყინვებს კი ასე ვებრძოდით, თევზისთვის ჟანგბადის მისაწოდებლად მოგვიწია ელ.ხერხით ღიობების ამოჭრა.
2016 წელს ასევე იგეგმება სარკისებრი კობრის, ჭანარისა და ხრამულის გაშვება. იმედია ხელს არაფერი შეგვიშლის და წლევანდელი და მომდევნო წლებიც წარმატებული იქნება ყველა ჩვენგანისთვის!!!
ზემოთ ხსენებულმა აქტივობებმა, გასულ წელს, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის თვალსაზრისით არაჩვეულებრივი შედეგები მოგვცა: მეთევზეებმა გაიხსენეს აქტიური კენკვის ხიბლი და დიდი ეგზემპლარების ,,გამოყვანის“ აზარტი, იყო ანკესის მოტაცებისა და დიდი თევზის გამოყვანისას გატეხვის შემთხვევებიც კი, თუმცა ანკესით ყველაზე დიდი თევზი ავთო ბახუტაშვილმა დაიჭირა და წელს ნადარბაზევზე მას მთელი წლის განმავლობაში უფასოდ შეეძლება თევზაობა.
შარშანდელი აქცია, რაღა თქმა უნდა, წელსაც ძალაშია და მოგიწოდებთ ყველას ვინც საალაფო თევზს დაიჭერს გადაიღოს ფოტო, სადაც დაფიქსირებული იქნება მეთევზე თევზთან ერთად, თევზის წონა და მისი საკუთარ სტიქიაში დაბრუნება.
რაღა თქმა უნდა, იყვნენ უკმაყოფილო-სკეპტიკოსი მეთევზეებიც, რომლებმაც ვერ მოახერხეს დიდი თევზის დაჭერა ან საერთოდ ვერაფერი დაიჭირეს. თუმცა ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკითა და ჩვენი ადმინისტრაციისა და დაცვის თანამშრომლების დაკვირვებით, მათ ვინც სწორად შეარჩიეს დასაკვები და სატყუარა, ვინც გამართული მონტაჟით ითევზავა უთევზოდ არ დარჩენილა.
აქვე მინდა, ჩვენი ადმინისტრაციის სახელით, კიდევ ერთ ფაქტი აღვნიშნო - ჩვენ არ ვაპირებთ ნადარბაზევზე აკვარიუმის მოწყობას, სადაც წყალსატევის ყოველი კვადრატული მეტრი თევზით იქნება სავსე და სადაც ყველა გამოუცდელ მეთევზეს მარტივად შეეძლება თევზის დაჭერა, ამას უბრალოდ მიზანმიმართუად არ გავაკეთებთ, ნადარბაზევს ,,ველური“ ტბის იმიჯი, რომ არ დაეკარგოს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდ ფედერაციასთან ერთად, გვსურს თევზაობის კულტურა სულ სხვა სიმაღლეებზე ავიყვანოთ: მეთევზემ თევზის ჭერა, მხოლოდ სწორად მიმდინარე თევზაობის პროცესში უნდა მოახერხოს და არა ასეთი ტიპით თევზაობისას !!!
ჩვენ გვსურს, რომ არა მხოლოდ ნადარბაზევზე სხვა წყალსატევებზეც მეთევზეები ერთხელ და სამუდამოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თევზის დაჭერაზე გაცილებით დიდი სიამოვნება მისი გათავისუფლებაა და ყველა მეთევზეს ახსოვდეს, რომ მის მიერ დანაგვიანებულ ადგილას ხვალ შეიძლება სხვა მეთევზე დადგეს და დადგეს შვილებთან ერთად, რომლებსაც სამომავლოდ აღარ გაუჩნდებათ სუფთა და მოვლილი ბუნებისა და გარემოს აღქმა!!!
გისურვებთ წარმატებულ სათევზაო სეზონს ნადარბაზევის ტბაზე, რომელიც 3 მაისიდან გახსნილად ცხადდება!!!