25 – აპრილი – 2021 წელი..

ტურნირი – ‘საქართველოს თასი’ – ფიდერით სპორტულ თევზჭერაში – ეტაპი 1 – ნადარბაზევის ტბა

ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნულმა ფედერაციამ, წლევანდელი სპორტული სეზონი – „საქართველოს თასი„-ს ტურნირით გახსნა.

რეგისტრირებული 40 სპორტსმენი მეთევზიდან მონაწილეობა 36-მა მიიღო. ნადარბაზევის ტბაზე, უკვე რამოდენიმე კვირაა, თევზის საგაზაფხულო აქტიურობა შეინიშნებოდა და სპორტმენების უმრავლესობა, საკმაოდ საინტერესო დაკვირვებებს აწარმოებდა ამ პერიოდში..

როგორც ვიცით, კენჭისყრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა წინა საღამოს და ყველა სპორტსმენმა იცოდა თავისი სათევზაო სექტორის ნომერი, ამიტომ მისვლისთანავე დაიწყეს გადანაწილება სექტორებში.

ტურნირის მსვლელობის პირველი საათები, უქარო და მზიანი იყო, წყლის ზედაპირიც მშვიდი.. ამ სიშვიდესთან ერთად თევზიც მშვიდად იყო, არ აქტიურობდა… მეორე ნახევარში კი ქარიც, ღრუბელიც, წყლის ზედაპირიც და თევზიც კარგად გააქტიურდა..

ტურნირი საინტერესო იყო ასევე იმით, რომ მონაწილეობას იღებდნენ როგორც გამოცდილი სპორტსმენები, ასევე ფედერაციაში და ამავდროულად ფიდერით სპორტულ თევზჭერაში ახალშემომატებულებიც..

თითქოს წინასწარი პროგნოზით, ყველა ჩვენთაგანი ვარაუდობდა ტურის შემდეგ პირველი ათეულის სიას, მაგრამ ამ მხრივაც საკმაოდ მოულოდნელი და სასიხარულო შედეგი დაიდო.. არა თუ პირველ ათეულში, არამედ პირველ ადგილზე, ჩვენს ფედერაციაში, წელს შემომატებული სპორტსმენი – იან ჰიკმანი გავიდა.

ნადარბაზევის ტბა, ყოველთვის საინტერესოა როგორც სამოყვარულო-სარეკრეაციო, ასევე სპორტული თევზჭერის თვალსაზრისით. ამ ტბაში ბინადრობს როგორც მცირე ზომის თეთრულა და კარჩხანა, ასევე უზარმაზარი კობრისებრთა ეგზემპლარები (მათ შორის ოსკარი)

სწორედ ამიტომ, ტურნირის მსვლელობისას იყო ბონუსური წონის თევზებიც.. კაპარჭინა და პატარა კობრები. ამ კუთხით საინტერესო იყო თვითონ სპორტსმენთა გადაწყვეტილება, თუ რა თევზზე უნდა ეთევზავა.. პირველი ტურის პირველადგილოსანი მომზადებული იყო კობრის დასაჭერად და შეძლო კიდეც. წინა დღეებში დადიოდა ტბაზე, ვარჯიშობდა და შედეგმაც არ დააყოვნა…

საერთო ჯამში პირველმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა, იყო ბონუსებით და სიურპრიზებით სავსე.. ახალმა მეგობრებმა, ჩვენს გამოცდილ სპორტსმენებს ნერვები აღუშფოთეს..

ტურნირის წესების დაცვას კი ჩვენმა მეგობარმა მსაჯებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ყველა ჩვენგანი.

შემდეგი ტურის ლოკაცია, სიონის ტბაა. მეთევზე სპორტსმენები ალბათ უკვე დღეიდან ემზადებიან ამ დღისათვის, ფედერაცია კი შეისწავლის ყველაფერს (მაგალითად სანაპირომდე მისასვლელ გზებს), რათა მონაწილეებისათვის თევზაობა მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

წარმატებებს ვუსურვებთ ყველა სპორტსმენ მეთევზეს წლევანდელ სეზონზე.

 

ი. სულაძე

Share