ფიდერით ჭერის პრაქტიკაში დასაკვების თემა ჩემი აზრით ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს დამწყებ მეთევზეებში, რადგან ისინი, როგორც წესი, მიიჩნევენ, რომ ფიდერით თევზაობის წარმატება 100%-ით თუ არა, 80%-ით მაინც დამოკიდებულია გამოყენებული დასაკვების შემადგენლობაზე. გავბედავ და გამოვთქვავ ჩემს აზრს, რომ ასეთი მიდგომა შეცდომაა. მე ვთვლი, რომ ფიდერით ჭერაში წარმატების მისაღწევად ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს თევზაობის სტილის და წესების უზუსტეს დაცვას (რაზეც შემდგომ სტატიებში ვისაუბრებთ), ვიდრე დასაკვების რეცეპტს. საუკეთესო საკვებიც რომ შევიძინოთ ან დავამზადოთ, თუ სწორად არ შევარჩევთ დასაკვებ წერტილს, არ შევასრულებთ ზუსტ ტყორცნას და ცუდად ავაწყობთ მონტაჟს, თევზაობის შედეგები იმედების გამაცრუებელი იქნება.

post-4-0-84975700-1386873594

ამიტომ, ამ თემის დასაწყისში უფრო მერთებულად მივიჩნევ, რომ, მანამ, სანამ უშუალოდ დასაკვების რეცეპტებზე ვისაუბრებთ, განვიხილოთ ის ძირითადი შეცდომები, რომლებიც შეიძლება დამწყებმა ფიდერით მოთევზავემ დაუშვას დასაკვებთან მიმართებაში.

შეცდომა 1. ვიყიდეთ ათასგვარი ქარხნული ბრენდული დასაკვები, მოვხარშეთ ბურღულეული, მოვიმარაგეთ კოფტონი, არომატიზატორები და კიდევ სხვა მრავალი რამ, რაც ინტერნეტში წავიკითხეთ და ეს ყველაფერი გაურკვეველი პროპორციით შეურიეთ ერთმანეთს. ასეთი მიდგომა ყველაზე ხშირია დამწყებ ფიდერით მოთევზავეებში. რა თქმა უნდა, ასეთი ნარევის ზოგიერთი კომპონენტი მიმზიდველი იქნება თევზისთვის, მაგრამ მთლიანობაში მისი ეფექტურობა საკმარისი არ იქნება და არც ფინანსურ დანახარჯებსაც არ გაამართლებს.

ამიტომ, უნდა ვიცოდეთ შემდეგი წესი: უნდა შევქმნათ ე.წ. “ბაზა”, ანუ სულ რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარი მარტივი საკვები, რომელსაც შემდგომში შეურევთ სხვადასხვა დანამატებს – უკვე მომავალი თევზაობის პირობებიდან გამომდინარე. ანუ ეს ნიშნავს, რომ ყოველ გასვლაზე მეთევზე ინდივიდუალურად არჩევს თავის სამიზნეს და დამატებითი საკვების მომზადება უფრო საინტერესო და შემოქმედებითი პროცესი ხდება.

post-4-0-07093200-1386873623შეცდომა 2.  საკვების არასაკმარისი ან გადამეტებული დასველება. ფიდერით თევზაობაში არსებობს “ოქროს წესი” – საკვებურაში მოთავსებული საკვების კონსისტენცია უნდა იყოს ისეთი, რომ ფსკერზე დაშვებისას მაშინვე დაიწყოს მისი გამორეცხვა. თუ საკვები არასაკმარისად იქნება დასველებული, ის გადმოიყრება საკვებურიდან ან მონტაჟის ტყორცნის დროს, ან წყალზე დაცემისას, ანუ ფსკერს ვერ მიაღწევს. ან პირიქით, ზედმეტად დასველებული “პლასტილინისებური” საკვები ვერ გამოიდევნება  საკვებურადან და უკან ამოყვება მას ძუის ამოხვევისას. შესაბამისად, დატენიანების სათანადო ხარისხის მისაღწევად მცირეოდენი ვარჯიში გვჭირდება. ამაში დაგვეხმარება შემდეგი მარტივი ხერხი. ნუ დაასხავთ წყალს მთელ თქვენს საკვებს, რაღაც ნაწილი დატოვეთ მშრალი. ხოდა, თუ წყალი ბევრი მოგივათ, ყოველთვის შეძლებთ დატენიანების შემცირებას მშრალი საკვების დამატებით. და ერთიც, წყალი საკვების დასასველებლათ უნდა ავიღოთ უშუალოდ იმ ტბიდან ან მდინარედან, სადაც ვთევზაობთ, რადგან იგი არ შეიცავს იქაური თევზისთვის უცხო კომპონენტებს, რომლებმაც შეიძლება დააფრთხონ იგი.

post-4-0-61429200-1386873658

შეცდომა 3. რაც მეტს ჩავყრით, მეტს დავიჭერთ. ეს მოსაზრება არასწორია ორი მიზეზის გამო – ერთი ის, რომ ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ და არა გავაძღოთ თევზი და კიდევ ის, რომ ცხელ ზაფხულში, როცა წყალი თბილია, ფსკერზე დიდი რაოდენობით დაყრილი საკვები მალე იწყებს ლპობას და აფრთხობს თევზს. პრინციპში, ფიდერით თევზაობის დროს ძნელია დიდი რაოდენობის საკვების ტყორცნა საკვებურათი, მაგრამ მაინც გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ზედმეტად ბევრი საკვები შეიძლება მავნე აღმოჩნდეს თევზაობისთვის. ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ზაფხულის სიცხეში დიდი რაოდენობის საკვები შეიძლება უკვე ნაპირზევე გაგვიფუჭდეს. ასეთი საკვებით თევზაობისას ჩვენ დიდი ხნით დავითხოვთ თევზს ჩვენს ირგვლივ მდებარე აკვატორიიდან.
მოკლედ ეს არის ის ძირითადი, რისი თქმაც მინდოდა დამატებით საკვებზე დასაწყისში. შემდგომ სტატიებში ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ დავამზადოთ სწორად დამატებითი საკვები, რა მნიშვნელობა აქვს მის თითოეულ კომპონენტს და როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი მაქსიმალურად ეფექტურად.

ავტორი თენგო ბინიაშვილი

Share