20 ნოემბერს, საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფიდერით სპორტულ თევზჭერაში გამართულ კომერციულ ტურნირს მარტოწყალას ტბამ უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობას იღებდა 16 სპორტსმენი ფიდერმენი.

უამინდობის და თევზის ნაკლებად აქტიურობის გათვალისწინებით ტურნირი მაინც ძალიან დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ძირითადად აქცენტი ნაფოტას ჭერაზე გაკეთდა, თუმცა ტურნირის მსვლელობისას დაჭერილ იქნა სხვადასხვა სახეობის თევზი, მათ შორის საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი თევზი, მორევის ნაფოტა (კუდმერცხალა), რომელიც ტურნირის დასრულებისთანავე ტბაში უვნებლად დაბრუნდა. წინა დღის ვარჯიშების შედეგებიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ მარტოწყალას ტბაზე თევზის აქტიურობა და დაკვებილ წერტილზე რეაგირება საკმაოდ არასტაბილური იყო, რაც დაჭერილი თევზების წონაზეც აისახა. სპორტსმენ მეთევზეებს გაანალიზებული ჰქონდათ, რომ ტურნირის შედეგები შესაძლოა გრამებს გადაეწყვიტა, ასეც მოხდა, ტურნირის მიმდინარეობისას გამოიკვეთა რამოდენიმე სპორტსმენი, ვინც სხვებთან შედარებით ალღო აუღო ნაფოტას ჭერას და დაჭერილი თევზის რაოდენობით ერთი ერთში მიჰყვებოდნენ ერთმანეთს, რაც უფრო ახლოვდებოდა ფინიშის დრო, დაძაბულობა და ადრენალინი მით უფრო იმატებდა.

ძალიან დაძაბული ტურნირის შემდეგ, პირველი ადგილის და ყველაზე დიდი თევზის მფლობელი გახდა ლევან დვალი, მეორე ადგილი დაიკავა იან ჰიკმანმა, ხოლო მესამე ადგილი გიგა გაბრიაძემ დაიკავა.

მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციას ესეთი საინტერესო ტურნირის ორგანიზებისთვის, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას და მასპინძელ მარტოწყალას ტბის ადმინისტრაციას, ასევე სპონსორებს Flagman (Viktor Marchuck LTd.)-ს, სათევზაო მაღაზია ,,იასონ 100″-ს, Sensas (Carpology Shop)-ს და Global Interiors Group-ს.

ლევან დვალი

Share