ხრამული (Varicorhinus Capoeta) საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული თევზია. ცნობილია მოსაზრება, რომ ამ თევზის სახელწოდების ეტიმოლოგია მდინარე ხრამს უკავშირდება. თუმცა, ხრამულს საქართველოში არაერთი სახელწოდება აქვს მინიჭებული – მაგ. ცოცხალი, ლურჯა, კაპოეტი, ფიჩხული. იგი განთქმულია როგორც თავისი კულინარული თვისებებით, ისე იმითაც, რომ შეუპოვარი მოწინააღმდეგეა ნემსკავზე წამოგებისას. ამის გამო, ხრამული ყველა მეთევზისთვის სანუკვარი ნადავლია.
ზოგადი დახასიათება
ხრამული მიეკუთვნება კობრისებრთა ოჯახს, კერძოდ კი წვერათა გვარს. აღწევს ზომას 40–50 სმ, მისი მაქსიმალური წონა ძირითადად შეადგენს 1,2–1,7 კგ, თუმცა ცნობილია 2,5 კგ წონის ეგზემპლარების დაჭერის ფაქტებიც. ხრამულს აქვს წაგრძელებული, თითისტარის ფორმის სხეული, რომელიც დაფარულია მსხვილი ვერცხლისფერი ქერცლით. ხრამულის ფარფლებს ხშირად მოწითალი ელფერი დაკრავს, რის გამოც დასავლეთ საქართველოში მას ასევე ბოლოწითელასაც უწოდებენ.
ვინაიდან ხრამული ფსკერული თევზია, აქვს ქვედა პირი და სქელი, გარქოვანებული ქვედა ტუჩი, რომლითაც ის ფხეკს წყალმცენარეებს ქვებიდან და სხვადასხვა წყალქვეშა საგნებიდან. ტუჩთან ხრამულს აქვს ორი მოკლე ულვაში. გარდა წყალმცენარეებისა, ხრამული იკვებება ასევე დეტრიტით, სხვადასვა წყალქვეშა ორგანიზმებით, ჭიებით. ტბებსა და წყალსაცავებში ხრამული უფრო სწრაფად და დიდი ზომის იზრდება, ვიდრე მდინარეებში.
გამრავლება
გარემო პირობების და წყალსაცავის ტიპის მიხედვით, ხრამული სქესობრივად მწიფდება 2–5 წლის ასაკიდან. ქვირითობს მაისი–აგვისტოს პერიოდში, როდესაც წყლის ტემპერატურა აღწევს 12–20 გრადუსს. ტოფობს რამდენიმე ჯერად. ქვირითობისთვის ეს თევზი ამჯობინებს თხელწყლიან, ქვა–ქვიშიან ადგილებს. ნაყოფიერება მდინარეებში აღწევს 6–30 ათასს, ხოლო ტბებში და წყალსაცავებში 90 ათასს ქვირითს. ტოფობისას ხრამულს თავზე, შუბლზე და დინგზე უჩნდება დამახასიათებელი რქოვანი წანაზარდები.
სახეობები
საქართველოში გავრცელებულია ხრამული რამდენიმე სახეობა:
- ჩვეულებრივი (ტრანსკავკასიური) ხრამული (Varicorhinus Capoeta), ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, ბინადრობს პრაქტიკულად ყველა მდინარესა და წყალსაცავში. საქართველოს გარდა, გვხვდება აზერბაიჯანის წყკლებშიც. მონათესავე სახეობაა ე.წ. სევანური ხრამული (Varicorhinus Capoeta sevangi), რომელიც სომხეთის წყლებშია გავრცელებული. სომხეთში ამ თევზის სახელწოდება ჟღერს, როგორც „კოაკ“. სევანური ხრამული გადმოსახლებულია საქართველოშიც და ბინადრობს ფარავნის, ტაბაწკურის და საღამოს ტბებში, ასევე ხრამის (წალკის) წყალსაცავში. სევანური ხრამული სარეწაო მნიშვნელობის თევზია.
- კოლხური ხრამული (Varicorhinus Sieboldia), გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს მდინარეებში.
- მცირეაზიური ხრამული (Varicorhinus Tinca), გავრცელებულია მხოლოდ მდინარე ჭოროხში და მის შენაკადებში – აჭარისწყალი, მაჭახელა, აკავრეთა, სხალთა და სხვ. გვხვდება ასევე მცირე აზიის მდინარეებში – ბრუსა, მდინარე საკარიის აუზი, ტრაპეზუნდი. ზომით ჩამორჩება ჩვეულებრივ ხრამულს, მაქსიმალური სიგრძე 40 სმ, წონა 700–800 გრ. სარეწაო მნიშვნელობის თევზია.
ხრამულზე თევზაობა
საქართველოში ხრამულზე თევზაობენ როგორც ფსკერული მეთოდებით, ისე ტივტივით. განსაკუთრებით პოპულარულია ხრამულის ჭერა მდინარეებში ხავსზე გატარებით. გამოიყენება ასევე სხვა სატყუარებიც – თეთრი და წითელი ჭია, კოღოს მატლი, კოპტონი, პური, სალა, მოხარშული სოსისი. სპორტული თევზჭერის გავრცელების თანავე სულ უფრო პოპულარული ხდება ხრამულის ჭერა ფიდერით.
სტატიის ავტორი თენგო ბინიაშვილი
ვიდეო ხრამულის ჭერაზე წალკის წყალსაცავზე: