დღეს ტროფეულ კობრზე თმიანი მონტაჟით თევზაობაზე უამრავი მოსაზრება, მითი, ლეგენდა, თუ რეალური ისტორია არსებობს, ამ სფეროში გამოცდილება მეტ ნაკლებად საქართველოშიც დაგროვდა, მაგრამ მაინც ფართო საზოგადოებისთვის კარპ ფიშინგი გარკვეულწილად იდუმალებით მოცულ მიმდინარეობად რჩება.

არის ამ მიდგომაში რაღაც მისტიურიც – ხუმრობა ხომ არ არის 10-15-20 კგ იან მონსტრებზე თევზაობა? ბოილიც მეტ ნაკლებად უცხო სატყუარაა ჩვენი რეალობისთვის – ესეც ფაქტია. ამიტომ გადავწყვიტე უფრო მეტი სიცხადე შემეტანა ჩვენი მიმართულების იდეურ მხარდამჭერ მეთევზეებში. ბევრი არ მიფიქრია, ყველასათვის ცნობილ ფრანგ მეკობრეს – ლეონ ჰუგენდიკს მივადექი.

 რატომ მაინც და მაინც ლეონი? – კარგი კითხვაა , ალბათ იმიტომ, რომ პირველად მისი სტატიები წავიკითხე, როდესაც კარპ ფიშინგით სერიოზულად დავინტერესდი. დღემდე მისი გავლენის ქვეშ ვარ არა მარტო მე, არამედ მსოფლიო კარპ ფიშერების საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაო გამოცდილება დაგროვდა ჩვენთანაც, მაინც საინტერესოა ლეონის ხედვები, მისი რეკომენდაციები და მიგნებები. ის ნამდვილი ლეგენდაა, ინტელექტუალი კარპ ფიშერია, ამიტომ მისი მოსაზრებები და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, ლეონის ავტორიტეტულობიდან გამომდინარე, არ ბადებს ბევრ კითხვის ნიშნებს.

 სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით გადავწყვიტე მეთარგმნა მისი ცნობილი სტატიების კრებული ,,სრულყოფილი ხაფანგი”. ეს კრებული კარპ ფიშერების ნამდვილი ბიბლიაა, რომლის წაკითხვის შემდეგ ყოველთვის ახალს აღმოაჩენს დაკვირვებული და მოაზროვნე კარპფიშერი. სტატია მოცულობით საკმაოდ დიდია, ამიტომ მას რამოდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ

 ,,სრულყოფილი ხაფანგი” – ნაწილი პირველი

1

 უკვე ოცი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოილისა და თმიანი მონტაჟის გამოჩენამ, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას. რომ სრული გადატრიალება გამოიწვია სატროფეო კობრზე თევზაობის სფეროში.

 მთელი ამ დროის განმავლობაში, განუწყვეტლივ ხდებოდა თევზაობის ამ მიმართულების სრულყოფა ყველა ასპექტის მიხედვით, იგი იძენდა ახალ პრაქტიკოს-თაყვანისმცემლებს, რომელთა რიგებშიც ყოველთვის იყო ბევრი მოაზროვნე, რომლებიც ეძებენ (ზოგჯერ უშედეგოდ) სათევზაო მონტაჟის იმ დელიკატურ დეტალს, რომელიც უზრუნველყოფს რაიმე მისთვის დამახასიათებელ სასარგებლო განსხვავებას უკვე არსებულებთან შედარებით. უდავოა, რომ ყველაზე მეტად თვალსაჩინოა პროგრესი სატყუარების სფეროში. მათთან დაკავშირებით ყველაფერი უკვე მრავალჯერ არის ნათქვამი, ყველა გზა გავლილია (ყველაზე ლოგიკურიდან ყველაზე აბსურდულამდე), ხოლო საბოლოო ჯამში კი მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ წარმატებას განაპირობებს მხოლოდ ,,კარგი ალღო/შეგრძნებები”, რომ მარტივი და ამავდროულად ეფექტური სატყუარა ყოველ სათევზაო სიტუაციაში შეიძლება შეიქმნას სულ რამოდენიმე საბაზისო პრინციპის დაცვის საშუალებით. რაღაც ამის მსგავსი ხდება მონტაჟების საკითხშიც: რაც უფრო მეტად ვართულებთ მათ, მით უფრო მეტად ვცილდებით მთავარ მიზანს.

 მეთევზეებს ყოველთვის სჯერათ სასწაულების და აძლევენ გასაქანს საკუთარ ფანტაზიას. კობრზე მეთევზეები ამ საკითხში ყველაზე უარესები არიან! ბევრი მათგანი განეკუთვნება მათ რიცხვს, ვინც ყოველგვარი სერიოზული არგუმენტაციის გარეშე ქმნის ახალ მონტაჟებსა და სატყუარებს, რომლებსაც გააჩნიათ მხოლოდ სპეკულაციური ღირსებები, ხოლო შემდეგ კი იგონებენ თეორიებს, რათა გაამართლონ მათი გამოგონების გამოყენების რაციონალურობა. იმ შემთხვევაში, თუ კი საბედნიეროდ მათი ახალი “ხერხებიდან” ერთ-ერთი კარგად მუშაობს (თუმცა გაურკვეველია რატომ), მსგავსი გამომგონებლები სასწრაფოდ ავრცელებენ თავიანთ თეორიას, როგორც ზუსტ მეცნიერებას. ეს საუკეთესო პირობაა იმისათვის, რომ ერთ ადგილზე გაჩერდე და საკუთარ თავს წაართვა უამრავი ტროფეის/ალაფის მიღების საშუალება! მაგრამ არაუშავს, საუკეთესოს ძიებაში ზოგჯერ იკარგება კარგი. თუმცა, საბოლოო ჯამში, შესაძლებელია, რომ თვითონვე ამოყო თავი შენს მიერვე კობრებისათვის წინასწარ მომზადებულ ხაფანგში!

 კობრზე თევზჭერაში წინსვლის მისაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: თავდაპირველად უნდა შეეცადო, რომ გაიგო სინამდვილეში რა ხდება წყალში, ხოლო უკვე შემდეგ რაც შეიძლება საუკეთესოდ, ოპტიმალურად მოერგო კონკრეტულ სათევზაო სიტუაციას, ყველა მოქმედება შეასრულო სწორი თანმიმდევრობით და არასოდეს გამოტოვო აუცილებელი ეტაპები. თუ კი წლების განმავლობაში ზოგიერთმა კობრზე მეთევზემ შეძლო საერთო მასიდან გამოყოფა, მრავალრიცხოვან წყალსატევებზე სისტემატიურად კარგი შედეგების (“საშუალოზე მაღალი”) ჩვენების საშუალებით, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მიხვდენ – საჭიროა ყოველთვის შეინარჩუნო რაციონალურობა. მეთევზეობის დარგის ყველა ნამდვილი გენიოსი დაჯილდოვებულია ანალიტიკური აზროვნების უნარით. მათ მიდგომას აქვს მეცნირული ხასიათი იმ გაგებით, რომ ისინი, წარმოქმნილი პრობლემების ანალიზისა და მათი გადაჭრის მარტივი და ეფექტური გზების მოძიებით ცდილობენ თევზაობის დემისტიფიცირებას.

 სხვა მეთევზეებთან რეგულარული სტუმრობისა და მათ მოქმედებებზე ახლო დაკვირვევების შედეგად, შემექმნა წარმოდგენა იმაზე, თუ რა აინტერესებთ მათ ყველაზე მეტად. უმეტესობა მათგანი ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავიანთ სატყუარას და, ან სრულიად უარყოფს მონტაჟის მნიშვნელობას, ან უსასრულოდ ართულებს მას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მის არაეფექტურობას! ერთი ან რამოდენიმე კობრის დაჭერა არ განსაზღვრავს იმ ფაქტს, რომ გამოყენებული მეთოდი და ტექნიკური საშუალებები მოცემულ მომენტში არის ყველაზე მართებული. შედეგის გასაუმჯობესებლად აუცილებელია საკუთარ თავს ყოველთვის და ყოველგვარი ეჭვების გარეშე დაუსვა სასარგებლო კითხვები, მაშინაც კი, როდესაც კობრი უკვე ხაფანგშია. მაგრამ გაუმჯობესება სულაც არ ნიშნავს გართულებას – პირიქით! ყველა ჭეშმარიტად კარგი კობრზე მეთევზე, რომლებსაც მე მაქვს პატივი ვიცნობდე, იყენებენ ერთ საერთო მიდგომას: ისინი თევზაობენ ძალიან მარტივი, მაგრამ სათანადო დონეზე შესრულებული მონტაჟებით. მონტაჟებით რომელიც მომზადებულია სრულყოფილი შეუმჩნევლობისა და თევზის ნემსკავზე წამოგების მექანიკის თვისებების თვალსაზრისით.

 უდავოა, რომ კარგი სატყუარა – მთავარი კოზირია. კარგი სატყუარები დღეს უკვე ადვილად ხელმისაწვდომია ყველასათვის. მაღაზიებში შესაძლებელია არაჩველებრივი ბოილების შეძენა, ხოლო მათთვის, ვინც თვითონ ამზადებს თავის უნიკალურ და განუმეორებელ “ბურთულებს” და შეუძლია შესაბამისი არჩევანის გაკეთება, ყველგან არის გამოქვეყნებული ძალზე სასარგებლო რეცეპტები.

2

სათევზაოდ კარგი ადგილის/კუთხის მოძებნა სინამდვილეში არც ისე რთულია. მას შემდეგ რაც ასეთი ადგილი ნაპოვნია, ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ სწორად გამოიყენო სატყუარები კარგ მონტაჟებთან შესაბამისობაში, თანაც მონტაჟების შერჩევა ასრულებს უფრო მნიშვნელოვან როლს წარმატებულ თევზაობაში, ვიდრე ბევრ ჩვენგანს შეუძლია წარმოიდგინოს. ზუსტად მოცემული პრობლემატიკა დეტალურად განიხილება მოცემულ წიგნში, რომელიც, იმედი მაქვს მოგცემთ წარმატებისათვის საჭირო გასაღებს!

 მონტაჟების მნიშვნელობა კობრზე თევზაობის დროს

 კობრის თანამედროვე მონტაჟები (montages de fuite), რომლებსაც იყენებენ კობრზე მეთევზეები, საღი აზრის გათვალისწინებით მოქმედებს ე.წ. “თვითწამოგების პრინციპის” საფუძველზე, რომელიც გულისხმობს, რომ როდესაც კობრი ისრუტავს ჩვენს სატყუარას, იგი თვითონ ეცმევა ნემსკავზე და შემდეგ გარბის. ეს გვევლინება როგორც სტარტი (depart), რომელიც ჩვენ “გვაღვიძებს” და გვკარნახობს, რომ ანკესის ამოზნექვის დროა. ეს გენიალურია – აღჭურვილობა თვითონ იჭერს თევზს! დიახ, მაგრამ პრაქტიკაში ყველაფერი ასე არ ხდება!

 სინამდვილეში ჩვენი მონტაჟები ყოველთვის ეფექტური არ არის, ხოლო უმეტეს შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ის საკმაოდ არაეფექტურია. მოცემული პრობლემის უკეთ გასაგებად, საჭიროა განისაზღვროს ჩვენი მონტაჟების ნადავლიანობის რეალური დონე და ასევე, გავერკვეთ იმ მიზეზებში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი სწორი ფუნქციონირების დარღვევა. თუ კობრის მიერ მონტაჟის სადავის აღებისას, ჩვენ ვღებულობთ სტარტს, მაშინ ჩვენი აღჭურვილობის ნადავლიანობის დონე შეადგენს 100 %-ს. პრაქტიკაში ასეთი რამ არ ხდება და არც არასოდეს არ მოხდება. საუკეთესო შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიმედოვნოთ რომ მივაღწევთ 50 %-იან ნადავლიანობას, (ე.ი. ჩვენი აღჭურვილობა კარგად მუშაობს ორიდან ერთ შემთხვევაში), მაგრამ სინამდვილეში მოცემული მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 10-დან 30 %-მდე. ხოლო ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევებში იგი კიდევ უფრო მცირეა. ბევრ პარამეტრს შეუძლია დაარღვიოს მონტაჟის სწორი ფუნქციონირება:

  1.  სადავის ან სატყუარის პრეზენტაციის დროს მონტაჟის არასაკმარისი დისკრეტულობა (შეუმჩნევლობა). ამ დროს კობრი ან ვიზუალურად, ან სხეულით შეხებისას ამჩნევს რაღაცას, რაც მას აიძულებს, რომ იყოს ფრთხილი და იგი გვერდს უვლის თვითონ მონტაჟს, ან საერთოდ მის გარშემო მთელ ტერიტორიას. გაითვალისწინეთ, რომ შედარებით გამჭვირვალე წყალში, კობრი მშვენივრად ხედავს და აგრეთვე კარგად აქვს განვითარებული შეხების შეგრძნება. წყალსატევებზე, რომლებიც განიცდიან ყველაზე მეტ სათევზაო პრესინგს, კობრები სულ უფრო და უფრო ფრთხილები ხდებიან, თუმცა ხელშეუხებელ წყლებშიც ისინი ასევე ძალიან ფრთხილები არიან, ცალკეული თევზები – კი განსაკუთრებულად.
  2.  მონტაჟის ფუნქციონირების დარღვევა მექანიკური ფაქტორების ხარჯზე. სადავის პრობლემური პრეზენტაცია, არეულობა ან შეცდომა მონტაჟის კომპოზიციაში არ აძლევს მას სწორად მუშაობის საშუალებას. არსებობს მონტაჟის ცუდი ფუნქციონირების მუშაობის ათასზე მეტი მიზეზი.
  3.  მონტაჟი არ შეესაბამება კობრის კვების ფორმას. კობრის პირი წარმოადგენს რთულ და განსაკუთრებულად მგრძნობიარე ორგანოს, რომელიც საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით “შეიგრძნოს” და გაანალიზოს რასაც ისრუტავს. კობრის პირის ღრუთი შესრულებულ უამრავ ფუნქცას შორის არის ერთი, რომელიც ძალიან ხშირად იწვევს ჩვენი მონტაჟის მარცხს: ის აკეთებს არჩევანს საკვებად ვარგისსა და უვარგისს შორის! საკვებად უვარგისს ის მაშინვე აფურთხებს უკან. თუ კობრი უძრავ მდგომარეობაში ყლაპავს ჩვენს სატყუარას და შემდეგ აღმოაჩენს სადავეს ან ნემსკავს, ის რეფლექსურად, ყოველგვარი წამოგების რისკის გარეშე, უმალვე უკან აფურთხებს ყველაფერს.

 ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ზემოთხსნებული პრობლემა გადაჭრილია რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ნადავლიანობა 10-დან 50%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ნადავლის რაოდენობა 5-ჯერ მოიმატებს ან, რომ თევზის იმავე რაოდენობის დასაჭერად ჩვენ დაგვჭირდება 5-ჯერ ნაკლები დრო!!! ახლა თქვენ ნათლად ხედავთ, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს თევზაობის ჩვენს სფეროში გამოყენებული მონტაჟები!

 მე ჯერ-ჯერობით გამარტივებული სახით წარმოვაჩენ პრობლემას. რაც არ უნდა იყოს, იმისათვის, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ ნადავლიანობას, აუცილებელია მონტაჟის თითოეული დეტალისა და მისი გამოყენების საშუალებების შესწავლა და ოპტიმიზაცია წყალსატევებისა და სხვა პირობების გათვალისწინებით, რომლებშიც ჩვენ გვიწევს მისი გამოყენება. სრულყოფილი ხაფანგი – ეს არის არა მხოლოდ თავისთავად იდეალური მონტაჟი: ასეთი ხაფანგი გულისხმობს ძალიან დელიკატურ, მაგრამ პირველხარისხოვანი ურთიერთკავშირის არსებობას უშუალოდ მონტაჟს, სატყუარასა და დასაკვებს შორის, რომელიც განსაზღვრავს კობრის კვებით ქცევას. ჩვენთვის აუცილებელია სრული სურათის შექმნა, ყველა ელემენტის ჩათვლით, რომელთაგანაც შედგება კონკრეული თევზაობა, რათა საუკეთესოდ გავიგოთ და ვაკონტროლოთ პროცესი, იმ ფაქტორების ერთობლიობის რეგულირების გზით, რომლებიც ჩვენ გვექვემდებარება.

  სხვადასხვა მცდარი წარმოდგენების უარყოფა

 მოცემულ წიგნში ჩვენ არ დავიწყებთ დიდი რაოდენობით ფრაგმენტებისაგან შემდგარი ერთგვარი თავსატეხი ფაზლის სურათის აწყობასა და გართულებას. ბევრმა თქვენგანმა უკვე ასე თუ ისე ააწყვეთ მსგავსი “თავსატეხი”, თუმცა უნებურად ცალკეული ფრაგმენტები არასწორ ადგილზე მოათავსეთ. მაშასადამე, ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ მოცემული კონსტრუქციის შეცდომების გასწორება – კონსტრუქციისა, რომელიც დაფუძნებულია მცდარ წარმოდგენებზე და შეიძლება შემდგომში შეგვიშალოს ხელი ამ წიგნის შინაარსის გაგებასა და კობრზე თევზაობის პროცესის სრულყოფაში.

3

 სურათზე მოცემულია კონსტრუქციისა და შენიღბვის თვალსაზრისით წარუმატებელი აღჭურვილობის მაგალითი. პატარა თერმო მილაკი თმაზე და ნემსკავზე გროტესკულია – და ამ შემთხვევაში მილაკი არ ასრულებს თავის ფუნქციას. სატყუარად ამ ტიპის წნულის გამოყენება იქნება ზედმეტად შესამჩნევი თევზისთვის, გარდა ამისა, აღჭურვილობის ფსკერზე ჩაშვების შემდეგ, იგი წარმოქმნის უსიამოვნო მოცურავე მარყუჟისებრ არკას. სიმძიმე პირდაპირ დაფიქსირებულია კლიფსის ყურში, რის გამოც მას არ გააჩნია სათანადო მობილურობა და შეიძლება არასწორად მოთავსდეს ფსკერის დონეებზე

 4

ზემოთ მოცემულ სურათზე კი თევზის დაშინების მიზეზი შეიძლება გახდეს ზედმეტად შესამჩნევი სიმძიმე და ლედკორი. (ლედკორი გახლავთ სპეციალური მძიმე ძუა, რომელიც გამოიყენება მონტაჟებში)

5

 ა) მსგავსი მოკლე თმის შემთხვევაში საკმარისია ნემსკავის გარშემო მისი ერთი ბრუნიც კი, რათა შემცირდეს მონტაჟის ეფექტურობა.

 ბ) მეორე პრობლემა: თმამ გააკეთა ერთი ბრუნი სადავის გარშემო და ბოილი დაფიქსირდა ნემსკავის ყუნწთან. ასეთი სახით მონტაჟი საერთოდ არ დაიჭერს თევზს

 სტატია თარგმნა ნიკა ჩლაიძემ

გაგრძელება იქნება…

Share