90eca2b9a804.jpg

მოკლედ, საიდან დავიწყო არც კი ვიცი 🙂 თუმცა ერთი სიტყვით კი ასე დავახასიათებდი ჩემს განცდას – ფიდერით თევზაობაზე სრულიად ახალი კანცეპცია ჩამოაყალიბა ჩემში მეგობრობის თასზე ასპარეზობამ… კონკურენცია და დაძაბული ბრძოლები არც ჩვენ გვაკლია ჩვენს ტურნირებზე, თუმცა ჩემთვის სრულიად ახალი და უჩვეულო შეგრძნება იყო ის, როცა ხვდები თურმე კიდევ რამდენი სიღრმე და ცოდნა დევს სპორტულ თევზჭერაში და კიდევ რამდენის სწავლა და დახვეწა შეიძლება, როდესაც შენი მეტოქეები მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენები არიან.

med_gallery_4_229_3526652.jpg
დავიწყებ იმით, რომ არაჩვეულებრივი საცხოვრებელი პირობები გვქონდა – ჩვენამდე უცხოვრებელი სრულიად ახალი ორი კოტეჯი ბუხრით, სამზარეულოთი, საუკეთესო აბაზანით და მოკლედ სრული კომფორტით. გარშემო ტყე და საუკეთესო ჰაერი. იდეალური პირობები ვარჯიშისგან დაღლილი სპორტსმენის დასვენებისთვის )) ყოველ საღამოს ჩვენს კოტეჯებში გაცხარებული დებატები იმართებოდა მომდევნო დღის სტრატეგიასა და ტაქტკიკის დასაგეგმად :). რადგან სიტყვამ მოიტანა, მანამ, სანამ ყველაფრის მოყოლას დავიწყებდი, მინდა დასაწყისშივე აღვნიშნო ჩვენი მთავარი მწვრთნელის, ანდრო სიარგის თავდაუზაოგავი შრომა გუნდის წარმატებისთვის. რომ არა ანდრო, ჩვენი გუნდის თუნდაც მცირედი წარმატებაც წარმოუდგენელი იქნებოდა. ვფიქრობ ვინც არ უნდა იყოს ნაკრებში, ანდრო მუდმივად ამ თანამდებობაზე უნდა დარჩეს. ვარავინ შეძლებს იმ კოლოსალური სამუშაოს შესრულებას რაც ამ კაცმა გააკეთა 5 დღის განმავლობაში. მარტო ფეხით ალბათ 150 კილომეტრი გაიარა ჩვენი სექტორების შემოვლაში და სხვა გუნდების დაკვირვებაში )) . ასევე ჩვენი მსაჯი გია ფიჩხაიაც არ უდებდა ტოლს და რაც შეეძლო ყვალაფერი გააკეთა გიამ გუნდის წარმატებისთვის.

med_gallery_4_229_1158833.jpg
ახალ ჩასულებს პირველები ვინც შეგვხვდნენ სანატორიუმის ტერიტორიაზე, იყვნენ პოპოვი და დუმჩევი – “გამარდჟობა ბიდჟო!!” – მხიარულად შემოგვძახა სერგეი პოპოვმა, ისინიც იმწუთის ჩამოსულები იყვნენ. ანდრეი დუმჩევმაც მიაყოლა “გამარდჟობა!” ))) და აი ამ მომენტიდან დაწყებული სულ ასეთ ნოტაზე ჩაიარა ჩვენმა შეხვედრებმა ტურნირის დანარჩენ მონაწილეებთან – ძალიან მეგობრული და თბილი გარემო იყო შექმნილი. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო პოლიტიკური რელობის გათვალისწინებით, ყველა ქვეყნის სპორტსმენი ძალიან კორექტული და მეგობრული იყო ერთმანეთის მიმართ. მოკლედ ტურნირი თავის სახელწოდებას 100%–ით ამართლებდა.
სწრაფი საუზმე და წავედით პირველ ვარჯიშზე – ერთი სული გვაქვს დიდ “ლეშას” როდის დავიჭერთ და ძალიან გვეჩქარება… მერე კი მივხვდით, რომ ეს მთლად სწორი გადაწვეტილება არ იყო, აჯობებდა დაგვეყო ფუნქციები და და ზოგიერთს მიზანმიმნართულად წვრილ თევზზეც გვეთევზავა, მაგრამ გამოცდილება, გამოცდილება… :rolleyes:

med_gallery_4_229_3785552.jpg
გაიშალა პლატფორმები, თევზაობა დაიწყო. მე ველოდები პლატფორმას, ვოლკოვი იგვიანებს და პირდაპირ სანაპიროს ქვებზე ვჯდები და ვიწყებ… პირველი ჩარტყმები და ჩემთვის უცნობი თევზია ჩემს ხელთ – “პლატვა” ანუ ჩვენებურად ნაფოტა. სხვა ნაფოტაა, არა კასპიური, რომელიც ჩვენ მტკვარში და ჯანდარის არხშია გავრცელებული. სხვა თევზია, გარეგნობით მსგავსი, მაგრამ ცხოველმყოფელობით და თევზჭერის სტრატეგიით სრულიად სხვა. აქვე ვიტყვი, რომ მცოდნოდა რაოდენ მნიშვნელოვანი თევზი იქნებოდა ამ ტურნირზე, მხოლოდ მასზე ვითევზავებდი სამივე ვარჯიშს.. მაგრამ იმ დროს ვფიქრობდი რადროს პლატვაა, ჩვენ ხომ ლეშას დასაჭერად ვართ ჩამოსულები ))) პირველი ვარჯიში არასასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო – გვაქვს ძალიან ცუდი რეალიზაცია – 10 კარგი ჩარტყმიდან მხოლოდ 2 თევზს ვიჭერთ. დავაგრძელეთ და დავამოკლედ სადავეები, შედეგი იგივე. ესეიგი ნემსკავია დამნაშავე, ვცადეთ ყველა ნემსკავი, რაც არსენალში გვაქვს და არანაირი დადებითი ცვლილება. სხვა ნემსკავები არ გვაქვს… ვაჩვენე ჩემი ნემსკავი საშა ვოლკოვს და მაშინათვე ვერდიქტი – ეს ყველაფერი გადაყარეთ… აქ არ გამოგადგებათო. მაღაზიებშიც ვერაფრს ნახავთო წესიერს, ყველაფერი ტურნირამდე გაიყიდაო… ცუდი ამბავია, მაგრამ ჩვენ მაინც ვთევზაობთ, თევზს ასე თუ ისე ვიჭერთ, სატურნირო სტრატეგიაზე საუბარი ზედმეტია, უბრალოდ ახალი შთაბეჭდილებებით ვტკბებით, თუმცა ვარჯიშის ბოლოს ვხვდებით, რომ სხვა გუნდები გაცილებით უკეთესად იჭერენ … რას ვიზავთ, მაინც არ ვკარგავთ იმედს, საღამოს ბრიფინგი კოტეჯში და მეორე დღის ვარჯიშს უკვე ახალი მონტაჟებით და ახალი იმედებით ველოდებით.

med_gallery_4_229_6879919.jpg
მეორე დღეს სავარჯიშო ბოქსები ყველა გუნდს კენჭირყრით შეხვდა. ჩვენს გვერდით ფიდერბაი თევზაობს, ყველაზე ცნობილი და ძლიერი ბელორუსიული გუნდი იური ლისოვსკის წინამძღოლობით, წლევანდელი ბელორუსიის ჩემპიონები. ვიწყებთ ჭერას, ჩარტყმები ისევ “იმაზება”, თუმცა ჩვენს თევზაობაში გარკვეული სისტემა ჩნდება, ვცდილობთ დაკვების სტრატეგია შევიმუშაოთ, გვიხარია ისევ ყველა დაჭერილი თევზი, თუმცა გვერდით ბოქსში ბელორუსები სიცილ–ხარხარით და ძალიან მარტივად ათრევენ 2 კილოიან ლეშებს… თან ყოველ 3–4 წუთში ერთხელ… :unsure: ვაგზავნით მსტოვრებს – ცოტა ხანში მოდის არადამაიამედებელი ინფორმაცია – ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც ჩვენ… მაშ რაშია მათი საიდუმლო?… დიმა ჯარიაშვილი წყვეტს თევზაობას და თავად მიდის დაკვირვებაზე. ცოტა ხანში მოაქვს ინფორმაცია – ბელორუსები თეზაობენ წითელი ნაკელის ჭიის პატარა ნაჭრებით… თვითონ იგივეს აკეთებს და ცოტა ხანში სერიოზული გაქაჩვა, ანკესს ძლივს იჭერს რომ წყალში არ ჩავარდეს, მაგრამ ნემსკავი ცარიელია… თუმცა დიმა უკვე დარწმუნებულია, რომ გასაღები იპოვა. ამ დროს ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ ჩვენი ნაყიდი წითელი ჭია აბსოლუტურად უვარგისია და სხვა გუნდებს თან ჩამოტანილი დენდრობენას ჯიშის წითელი ჭია აქვთ…. მოსაღამოვდა და ვარჯიში წყდება, ბელორუსების და ჩვენი ნადავლის შედარებაც არ შეიძლება – ალბათ10:1–თან… ისევ და ისევ მთავარი პრობლემა გვაქვს – ძალიან ცუდი რეალიზაცია. მე ამ ვარჯიშზე საშამ მომიტანა ერთი ნემსკავი თავისი არსენალიდან, მეტი არ აღმოაჩნდა – მივიღე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.. მოკლედ სხვა ნემსკავები გვჭირდება…

med_gallery_4_229_532148.jpg
საქმეში მთავარი მწვრთნელი ჩაერთო – გამართა მოლაპარაკებები პოპოვ–დუმჩევის გუნდთან და ჩვენი გუნდისთვის საკმარისი რაოდენობის ნემსკავები მოიპოვა 🙂 პლიუს ბევრი სასარგებლო ინფორმაციაც 🙂 საღამოს ისევ ბრიფინგი და მესამე ვარჯიშს ვგეგმავთ ახალი ნემსკავებით და ახალი სადავეებით – 0,1 საკმარისად ეფექტური არ არის, შევიყვეთ, რომ აუცილებელია 0,08… გადავეწყვეთ. მე და ანდრო ვფიქრობთ დასაკვებზე, შეგვაქვს კორექტივები, ვამატებთ ვანილს და ცოტა ვამცირებთ სპეციების არომატს. თითქოს უფრო დაბალანსებული არომატი მივიღეთ. დასაკვებში დარწმუნებულები ვართ, ვარჯიშებმა აჩვენა, რომ მუშაობს. მესამე ვარჯიშისთვის ვგეგმავთ გავარკვიოთ ცოცხალი კომპონენტით დაკვების სტრატეგია, გვაქვს რაღაც რეკომენდაციები, მაგრამ ყველაფერი პრაქტიკაზეა გასასინჯი – ვნატრობთ რომ ნეტავ კიდევ 3 ვარჯიში გვქონდეს )))

med_gallery_4_229_146726.jpg
მესამე დღეს შეგვხვდა ზონა E-ს დასაწყისი სექტორებისგან შემდგარი ბოქსი, თუმცა ჩვენ ბოქსში მოხვდა ერთი სექტორი D ზონიდან, რომელიც ხიდის მიღმაა და მოწყვეტილია სავარჯიშო ბოქსს. მე მოვითხოვე იქ დაჯდომა, რადგან მინდოდა ახალი ნაზავის გამოცდა – ჩვენი ძირითადი დასაკვები + Sensas. ჩემი სექტორიდან საერთოდ ვერ ვხედავ როგორ თევზაობენ ბიჭები, გვერდზე ბელორუსიული გუნდი მიზის გომელიდან. მარტო აღმოვჩნდი 5 მგელ ბელორუსთან 😀 დავიწყე თევზაობა, ცალი თვალით ვამჩნევ როგორი ზუსტი წყირცნები აქვს ჩემს გვერდზე მჯდომ ბელორუსს, წერტილში აჯენს საკვებურას… ვცდილობ დაკვების ტემპში არ ჩამოვრჩე, იქყება პირველი ცარტყმები, ახალი ნემსკავები საოცარ სხვაობას მაძლევს – ყველა ჩარტყმას რეალიზაციას ვუკეთებ, ვიჭერ “პადლეშიკს” და “პლატვას”. ბელორუსი მეზობელიც კარგად უბერავს, ეგეც იჭერს, მაგრამ მაინცდამაიც ჩემზე უკეთესად არა. მიხარია, რომ ტოლს არ ვუდებ, მაგრამ უცბათ ბელორუსის ანკესი მკვეთრად იღუნება და მეზობელს რაღაც მძიმეწონიანი მოყავს… :angry: 2 წუთში კილოიანი ლეშა ჩააგორა ქვედაბადეში… ვფიქრობ რა ჯანდაბაა, ერთი ლეშა მე როგორ ვერ უნდა დამიჯდეს! რას ვიზავ, ისიც ამ ხალხმა ლეშას ჭერა, მე კი სრული პრაფანი ვარ ამ საქმეში… ამ ასობაში ჩემს “უბედურებას” ისიც ემატება, რომ ნემსკავზე მიჯდება ქორჭილა… ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაკვებილი წერტილი ნორმალურმა თევზმა დატოვა და ეს ზოლიანი ბანდიტები დაეპატრონნენ ჩემს წვალებით დაკვებილ მაგიდას <_< ბელორუსები ერთმანეთს ეკაიფებიან და რიგ–რიგობით ათრევენ კილოიან ლეშებს….. შანსი არაა, არ დავნებდები ვიფიქრე და დავიწყე თვლაზე თევზაობა, 120 დათვლა და საკვებურა მიდის წყალში, 120 დათვლა და ისევ სავსე საკვებურა მიფრინავს… ასე გრძელდება 10 წუთი, ჩარტყმები არ მაქვს და ზოგჯერ ამომაქვს სადაზევე დაკიდებული ქორჭილა, მაგრამ უეცრად კარგი გაქაჩვა და პადლეშიკი ზის!! ვა, ჩემმა სტრატეგიამ გაამართლა, თევზი დაბრუნდა! ტემპს იგივეს ვტოვებ და ვიწყებ პადლეშიკის ჭერას. ამას ამჩნევს ჩემი ბელორუსი მეზობელი და იწყებს ჩემი თევზის გადაბირებას, საგრძნობლად უმატებს დაკვების ტემპს, მერე საერთოდ დიდ საკვებურას კიდებს და აშკარად ჩემი თევზის “დახევას” ცდილობს… გულში ვაგინებ, რა ჯანდაბა გინდა შეჩემისა, ტურნირზე ხომ არ ვართ, თავი დამანებე, ვარჯიში მაცალე….! მოკლედ ასეთ უნებლიე ჭიდილში გავატარე მესამე ვარჯიში, მიხარია რომ კარგი რეპეტიცია იყო ჩემთვის სატურნირო ასპარეზის წინ. ცოტა ხანში ანდრომ ვარჯიშის დამთავრების ბრაძანება გასცა. ამოვიღეთ ქვედაბადეები – მყავს 40–მდე თევზი, ყველა პატარა ზომის. ჩემს გვერდით თავის ქვედაბადეს იღებს ბელორუსი, ვხედავ არც ისე ბევრი თევზი ყოლია, ის დილანდელი ლეშა რომ არა, შეიძლება მე მეტი წონაც მყავს დაჭერლი. იმედი მიჩნდება, რომ საქმე არც ისე ცუდადაა )) ალაგების შემდეგ მივედი იმ ტიპთან და გავეცანი – აღმოჩნდა ბელორუსიის ნაკრების წევრი და შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე….

med_gallery_4_229_3837808.jpg
ბიჭებიც გადმოვიდნენ ჩემსკენ, ყველა აღნიშნავდა, რომ ახალმა ნემსკავებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა რეალიზაცია, გახარებულები ვართ, თუმცა ისიც გავიგეთ, რომ ჩვენგან ოდნავ მოშორებით დუნაევის გუნდის 3–მა კაცმა 40 კილო ლეშა დაიჭირეს….. ისიც გვითხრეს, რომ თავის სექტორებს ისინი მასიურად კვებავდნენ დაჭრილი წითელი ჭიით და ყველანაირი “ხორცით”… თუმცა ჩვენ კიდევ ჯერ არ ვიცით, რომ მათ თან ჩამოტანილი დენდრობენა აქვთ და არა ადგილობრივი უვარგისი წითელი ჭია..
მოკლედ მესამე ვარჯიში ყველაზე შედეგიანი გვაქვს და პირველი ტურისთვის არაგვიშავს, რაღაც მაინც გავიგეთ და შევასრულეთ. თუმცა ბნელი ზონები ისევ უამრავია, მაგრამ ექსპერიმენტები დამტავრდა, ხვალ უკვე შეჯიბრია, რაღაც უნდა ვქნათ… მივდივართ საღამოს ბრიფინგზე.

med_gallery_4_229_2740778.jpg

med_gallery_4_229_479390.jpg

გაგრძელება იქნება… 🙂

განხილვა ფორუმზე: ლინკი

ავტორი: თენგო ბინიაშვილი

Share