
11-12 ოქტომბერი, 2014.
ფედერაციამ ჩაატარა საქართველოს თასი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში. ეს ტურნირი, როგორ წესი, ყველაზე დაძაბული და მნიშვნელოვანია ტურნირებია სხვა ტურნირებს შორის. აქ მხოლოდ სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას, ორ ტურში გიწევს გამოსვლა და ა.შ.
არასასურველი ამინდების და რიგი სხვა მიზეზების გამო, ამ ტურნირზე ჩემი გუნდი Smart Feeder სრულიად მოუმზადებელი გამოვიდა. არანაირი წინასწარი მომზადება და ვარჯიში. პრინციპში წელს მხოლოდ ეს ტურნირი იყო, როდესაც წინასატურნირო ვარჯიშის გარეშე გამოვვედით. გვქონდა მხოლოდ ინფორმაცია, რომ უნდა გვეჭირა შამაია და ვინც მეტს დაიჭერდა, ქულასაც ის დაიწერდა.
1ლი ტური:
როგორც ყოველთვის ჩემმა შეუცვლელმა მეწყვილემ, ზურა ჩაკალოვმა გამომიარა სახლში, შევალაგეთ ჩემი აღჭურვილობა გოლფში და გავეშურეთ რესპუბლიკის მოედანზე. მახო უკვე გზაში იყო და სიონისკენ მიდიოდა. რესპუბლიკის მოედანზე ტურნირს მთავარი მსაჯი გია ფიჩხაია დაგვხვდა. მალევე მოგროვდნენ სხვა მონაწილეებიც. Fish Finders -ის ბიჭებმა ზურას თხოვეს, რომ თეთრი ჭია აეღო მათთვის, რის გამოც დილის 5საათზე გარიკა გავაღვიძეთ რუსთაველის მეტროსთან და დიდი რაოდენობით თეთრი ჭია გამოვართვით. შეიძლება ითქვას რომ სწორედ ამ ჭიამ გადაწყვიტა ტურნირის ბედი ![]()
ჩავედით სიონში. მხოლოდ ჩვენ სამი (მე, მახო და ზურა)ვიყავით მსუბუქი მანაქნებით. ამიტომ მოგვიწია ჩვენი აღჭურვილობის გადალაგება სხვის ჯიპებში. მადლობა დიდი ყველას ბიჭებო, ვინც გვათრიეთ ორი ტურის მანძილზე სატურნირო ზოლამდე.
მოკლედ კენჭისყრაზე ასე გადავნაწილდით, მე ა ზონაში, ზურა ბ ზონაში და მახო ც ზონაში. მე განაპირა სექტორში ვარ, ა13, გვერდით ირაკლი ვარაზი მიზის.
კავშირი ამ ტურნირზე აღარ არსებობდა ახალი წესების მიხედვით. შესაბამისად სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ მთელი გუნდი. დასაკვები გამზადებულია. მე დაახლოებით 10 ლიტრი მაქვს დატენიანებული. საკვებიდან სრულად ამოღებულია მსხვილი ფრაქცია და თითქმის მშრალია დასაკვები. საკვებურის დაცემისთანავე უნდა გამოვიდეს საკვები საკვებურიდან. ვიცი რომ ბოლომდე გავხარჯავ. ვაწყობ ჩემს ახალ ჯოხს, რომელიც თითქოს სწორედ ამ ტურნირისთვის შევიძინე: MAP MatchTeck 11ft, ჯოხი ლაითი კლასისაა, ძალიან მსუბუქი. და 50 ბრუნ დისტანციებს ყოველგვარი ზედმეტი ძალდატანების გარეშე ფარავს. ასევე მინდა ავღნიშნო მისი სიზუსტე. საკვებური 16გრამიანი ფიდერსპორტი ან 20 გრამიანი გურუ. სადავე 120სმ, 0.1მმ შიმანო ანტარესი, ნემსკავები სხვადასხვა, ძირითადად ოვნერი და დრენანი. 12-14-16 ნომრები.
დაკვების სიგნალზე ვაგზავნი 4 დიდ ფიდერსპორტის საკვებურს 50 ბრუნზე და 6 საკვებურს 30 ბრუნზე.
სტარტის სიგნალი: ვიწყებ გურუს 20 გრამიანი საკვებურით. ჩაგდებიდან მე5 თვლაზე ჩარტყმაა, პირველი შამაია ბადეში. ტემპი აეწყო. ფაქტია რომ წვრილი შამაია სატურნირო ზოლში ძალიან ბევრია და დასაკვებზეც ძალიან კარგად რეაგირებს. დავიწყე თევზის რაოდენობის თვლა, მაგრამ მალევე ამერია და შევეშვი. პირველი 3 საათი სტაბილურად ვიჭირე. მე4 საათზე ტემპი რატომღაც დავარდა. მე ეს დავაბრალე ზედმეტ გადაკვებას, ამიტომ გადავედი ცარიელ საკვებურზე. თუმცა ამან უარესი შედეგი მომცა. ტაქტიკა შევცვალე პირიქით და დიდი დასაკვები საკვებურით 3-4ჯერ გავაკეთე დასაკვების მიწოდება წერტილში. ამან ტემპი გამოაცოცხლა და ბოლო ნახევარ საათში კიდევ სწრაფი ტემპი მეჭირა.
ფინიში: ვიცი რომ ჩემს ზონაში 2 ხამულია დაჭერილი. ერთი ხრამული ლამის 1 საათის შამაიას უდრის
ზონაში 1ელ ადგილზე ანდრო გადის, მე2 ჩემია, მე3 თენგოსი.
ზურამ და მახომ ორივემ 4 ქულა მოიტანეს ზონებიდან. მახო ძალიან უკმაყოფილოა თავისი ზონით.
გუნდურში 1ელ ადგილზე FishFinders-ის ბიჭები არიან, მეორეზე OnlyFeeders, მე3ზე ჩვენ. FishFinders სამკაოდ წინ არიან, არტურს და დიმიტრის ორივეს 1იანები აქვთ.
გადავედით სიონში სასტუმროში, სადაც ძალიან კარგი საღამო გავატარე ჩემს მეგობრებთან ერთად. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას.
ძილის წინ მსჯელობა, სადავეების გამზადება და გადანაწილება. მერე დილამდე ძილი საშინელ ხმაურში ![]()
მე2 ტური.
ზონების ისევ ისე გადანაწილდა: მე ა ზონაში, ზურა ბ-ში, მახო ც-ში. ჩემი სექტორი ა12 ია, სწორედ ის სადაც წინა ტურზე ვარაზი იჯდა ჩემს გვერდით.
მოტივაცია დიდი მაქვს, ვიცი რომ ტემპი უნდა გავზარდო და წინა დღეზე უკეთესი შედეგი დავდო…. თუმცა რაღაცეები ისე არ აეწყო.
დაკვების სტარტზე ჩემმა კოჭამ მუშაობაზე უარი თქვა, ჩაიშალა…. დავიწყე სხვა კოჭს გადმოტანა ამ ჯოხზე, ამან ბლომად დრო დამახარჯინა. დაახლოებით 15 წუთის დაგვიანებით დავიწყე თევზაობა. ტემპი არც ისე სახარბიელო. მაქვს ძალიან ბევრი არარეალიზებული ჩაკვრა. მახსენდება ვარაუდი, რომ თეთრი ჭია, რომელიც ჩვენ გვაქვს (ქუთაისის) გაცილებით მაგარია ვიდრე თბილისში გამოყვანილი იაფფასიანი ჭია, შესაბამისად თევზის დასმის ალბათობა ნაკლები აქვს. ვეძებ ასეთ შეკვრას მაგრამ ამაოდ. სავარაუდოდ ჩანთაშია დატოვებული მანქანაში. ამიტომ ვაგრძელებ ისევ ქუთაისის ჭიით.
სადღაც შუა ტურნირში დაუდევრობით ვტეხავ 0.5 ოზიან ქვივერს. დაუდევრობა იმაში მდგომარეობს რომ ყველა სროლას საერთოდ ბრმად ვაკეთებდი, თითქმის არ ვუყურებდი საკვებურს და ანკესის წყვერს. ხოდა ამოხვევისას გავტეხე ქვივერი. ისევ პაუზა: მონტაჟის მოჭრა, ქვივერის შეცვლა, მონტაჟის აწყობა და დისტანციის აღდგენა.
გვერდზე ერთერთი ალიგატორელი კარჩხანას იჭერს და ვნერვიულობ
ვცადე ჭიაზე მეცადა რაღაც პერიოდი, იქნებ კარჩხანა არის შემოსული ზონაში მეთქი. მაგრამ ამაოდ. ისევ გადმოვდივარ შამაიაზე და ვაგრძელებ ტემპში მუშაობას.
ფინიში. აწონვა, ადგილების გამოთვლა ვარაუდით. მგონია რომ ზონაში მე2 ვარ, 1იანი დიმიტრის აქვს როგორც მეუბნებიან. თუმცა ჩემს მეორეშიც შევცდი, მე2ზე გიგა გავიდა ბაინდურაშვილი. მე კი მხოლოდ მე3 შემხვდა.
შევხვდი ზურას, 1იანი აქვს ზონაში და მეუბნება: მთელი მუღამი თეთრ ჭიაში იყო, ქუთაისის ჭიაზე მქონდა არარეალიზებული ჩაკვრები და თბილისის მყრალ ჭიაზე გადავედი, რამაც დიდი სხვაობა მომცაო. აქ ყველაფერი გასაგები იყო და გამახსენდა ის მაქნააში დატოვებული თბილისის ჭია ![]()
მახო ისევ უხასიათოდაა, ამჯერად 5იანი გამოიტანა ზონიდან
უკვე ხმები დადის რომ არტურამ დაანგრია ც ზონა და ისევ 1იანი აქვს
ნუ FishFinders 1ელ ადგილზეა, ჩვენ ვვარაუდობთ რომ მე2 ან მე3 უნდა გვქონდეს.
წონების დაჯამება, დათვლა და გამოცხადება:
1-ლი ადგილი FishFinders 14 ქულით
მე2 ადგილი Smart Feeder 19 ქულით
მე3 ადგილი Soft Sweeps 24 ქულით

გულწრფელად ვულოცავ FishFinder-ს გამარჯვებას, თან ასეთი დამაჯერებელი ქულებით. ყოჩაღ ბიჭებო. ეგრე გააგრძელეთ და მომავალში ტემპი არ დააგდოთ. ასევე გილოცავთ Soft Sweeps ამ დაძაბულ ბრძოლაში საპრიზოში გამოსვლას. ვულოცავ ჩემს გუნდელებსაც მე2 ადგილს. ეგეც კარგია ბიჭებო ![]()
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციას ტურნირის ორგანიზებისთვის. ასევე მადლობა მსაჯთა კოლეგიას, რომელიც წელს თავის საქმეს ბრწყინვალედ ართმევს თავს.
დიდი მადლობა Fishing Club-ს მხარდაჭერისათვის. ეს მაღაზია, უფრო სწორედ მისი მეპატრონე ბიძინა მაზიაშვილი ფედერაციის არესბობს მთელ მანძილზე ყოველთვის გვერდში გვიდგას და ზრუნავს გამარჯვებული გუნდების საპრიზო ფონდზე.
დიდი მადლობა ყველა სპორსტსმენს შექმნილი აურისა და სპორტული დაძაბულობისათვის.
პ.ს. ძალიან კარგი ქინება თუ სხვა სპორსტენებიც დაწერენ თავიანთი თვალით დანახულ ტურნირს. განსაკუთრებით კი პრიზიორები. ასე უფრო მეტს ვისწავლით ერთმანეთისგან და შესაბამისად გავზრდით საერთო დონეს ფიდერით სპორტულ თევზჭერაში.
პ.პ.ს. ჩემი მთავარი დასკვნები ტექნიკური თვალსაზრისით:
- შამაია კარგად რეაგირებდა დასაკვებზე. აუცილებელი იყო დასაკვების ფიზიკის შერჩევა – ცურვადი ნაწილაკები, არაგადამატებული დასველება/დამძიმება და ჩაპრესვა საკვებურში. ჩემი დასაკვები დაცემისთანავე გამოდიოდა საკვებურიდან. არომატიკაზე დიდი ყურადღება მე არ შემიჩერებია, მაგის დრო პრინციპში არც იყო.
- აუცილებელი იყო სადავის სიგრძის დარეგულირება. მე მქონდა 120სმ სადავე, 0.1მმ დიამეტრის და ამ სადავეზე კიდევ დიდი მარყუჟით 30 სანტიმეტრიანი ჩასადგმელი გაკეთებული, ეს მარყუჟი დამატებით წინაღობას ქმნიდა ჩაძირვის მომენტში და შესაბამისად უფრო დიდი ხანი აჩერებდა სატყუარას ცურვად მდგომარეობაში.
- დიდი მნიშვნელობა ქონდა მესნკავს და უფრო დიდი სატყუარას, შეიძლებოდა წითელი ჭიის გამოყენება, მაგრამ წითელი ჭიის შეცვლა მოგიწევდა ყოველ დაჭერილ თევზზე, როცა თეთრი ჭია უძლებდა დაახლოებით 10 თევზს. ისევ გავმეორდები რომ უკეთესი იყო თბილისში გამოყვანილი თეთრი ჭია, ვიდრე ქუთაისიდან ჩამოტანილი.
- დაბალანსებული ლაითი ფიდერი 0.5 უნცია ქვივერით და 16 გ-იანი საკვებურით მგონი იყო ზუსტად ის პარამეტრები, რაც ამ ტურნირზე უნდა მქონოდა. სამწუხაროდ მხოლოდ კარგი აღჭურვილობა საკმარისი არაა სპორტში და შედეგიც სახეზეა
საჭიროა მეტი ვარჯიში და უფრო მეტი გამოცდილება. რასაც მხოლოდ და მხოლოდ სავარჯიშოდ მოწყობილი გასვლები განაპირობებს…
გიგა გაბრიაძე – Smart Feeder
ლინკი ფორუმზე: ლინკი