
პარამეტრი 2– ანკესის წყობა
ანკესის წყობა ეწოდება მის უნარს გაიდრიკოს დატვირთვის ქვეშ. იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოხრილობას ქმნის ჯოხი დატვირთვისას, განასხვავებენ ანკესების წყობის რამდენიმე ტიპს.

ფიდერის ჯოხის მოხრილობა დატვირთვისას
სწრაფი წყობა (Fast)
ეს არის საკმაოდ ხისტი ჯოხები, რომელთა დატვირთვისას (ტყორცნა ან მოზრდილი თევზის გამოყვანა) იხრება მხოლოდ ჯოხის წვერი და ანკესის პირველი მუხლი. სწრაფი წყობის ფიდერების უპირატესობაა სრული კონტროლი თევზის გამოყვანისას, მათი საშუალებით ადვილად შესაძლებელია მოზრდილი თევზის სრაფი წამოწევა ფსკერიდან, რაც არ მისცემს თევზს საშუალებას შეძვრეს წყალქვეშა დაბრკოლებებში.
საშუალო წყობა (Average)
ძალიან მტკიცე და დრეკადი ჯოხებია, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ძლერი და ზუსტი ტყორცნა. დატვირთვისას იდრიკება დაახლოებით ჯოხის ნახევარი.
ნელი წყობა (Slow)
ამ წყობის ჯოხებისთვის დამახასიათებელია ყველა მუხლის მოხრილობა პრაქტიკულად ანკესის ტარამდე. ასეთი წყობის ფიდერები უფრო მეტ შეცდომას პატიობენ მეთევზეებს, რადგან დიდი დრეკადობის წყალობით ამორტიზირებას უკეთებენ თევზის გაქაჩვებს და ამცირებენ დატვირთვას მონტაჟზე, რითაც იცავენ სადავის ძუას გაგლეჯვისგან. ასეთი წყობის ჯოხებს კიდევ უწოდებენ პარაბოლურს, რადგან მათი მოხრილობის ფორმა წააგავს პარაბოლას. პარაბოლური ჯოხები გვაძლევს ასევე მცირე უპირატესობას ტყორცნის დროს, რადგან მათი საშუალებით ტყორცნა შედარებით „რბილია“, რაც ამცირებს დატვირთვას მონტაჟზე და იცავს მას მოწყვეტისგან.

ფიდერის ჯოხების წყობა – წსრაფი, საშუალო და ნელი
რთული წყობა (Progressive)
ეს არის ანკესის წყობა, როცა მცირე დატვირთვეისას იხრება ანკესის მხოლოდ წვერი და პირველი მუხლი, ანუ ჯოხი მუშაობს სწრაფი წყობის პრინციპით, ხოლო თუ დატვირთვამ მოიმატა, მუშაობაში ერთვება ანკესის მთელი კორპუსი და წყობა უახლოვდება პარაბოლურს.
ფიდერის წყობა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჯოხის ყიდვისას. მიაქციეთ ყურადღება, რომ ერთიდაიგივე ტესტის (ამ პარამეტრზე დეტალურად ვისაუბრებთ შემდეგში) ჯოხები შეიძლება სხვადასხვა წყობის იყოს. თუმცა, შეინიშნება გარკვეული კანონზომიერება იმ თვალსაზრისით, რომ, როგორც წესი, მძლავრი ფიდერები უფრო სწრაფი წყობისაა, ვიდრე დაბალი ტესტის მქონე ჯოხები. თუ მაღაზიაშივე გსურთ შეამოწმოთ ფიდერის ჯოხის ტესტი, აუცილებლად მოხსენით მას ქვივერტიპი. ამის შემდეგ მოკიდეთ ხელი ანკესის სახელურს და ხელის დაქნევით ან ტყორცნის „იმპროვიზაციის“ საშუალებით განსაზღვრეთ, თუ როგორ მოხრილობას ქმნის ეს ჯოხი – იხრება მხოლოდ ზედა მესამედში, თუ მთელს სიგრძეზე.
შეუძლებელია ცალსახად თქმა იმისა, თუ როგორი წყობის ჯოხია უკეთესი. ეს უფრო განისაზღვრება პირადად მეთევზის სიმპატიებით, ჩვევებით და, თუ გნებავთ, ტემპერამენტით. ინგლისელები, მაგალითად ტრადიციულად უმეტესად აწარმოებენ ნელი წყობის პარაბოლურ ჯოხებს, რის გამოც ასეთ ჯოხებს ზოგჯერ ინგლისურ ანკესებსაც უწოდებენ. ამერიკელები კი, პირიქით, უფრო „სწრაფი“ ჯოხებით არიან გატაცებულები. ევროპელები უფრო მეტედ ირჩევენ საშუალო ან პარაბოლური ტიპის ფიდერის ჯოხებს.
შემდეგში ჩვენ ვისაუბრებთ ფიდერის ჯოხების კლასიფიკაციაზე და ისეთ უმნიშვნელოვანეს პარამეტრზე, როგორიცაა ტესტი.
სტატიის ავტორი თენგო ბინიაშვილი