ფიდერის საკვებურების დახასიათება

საკვებურა ფიდერის მონტაჟების ძირითადი ელემენტია. მისი წონა, ფორმა და მასალა (პლასტმასი ან ლითონი) მთლიანად ცვლის მონტაჟის მუშაობის სპეციფიკას. შესაბამისად საკვებურების სწორი შერჩევა მონტაჟის აწყობისას ფიდერით თევზაობაში წარმატების ერთერთი უმთავრესი ფაქტორია.

 

41

ჩამოგითვლით რამდენიმე კრიტერიუმს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ საკვებურების შერჩევისას:

  • დამზადების მასალა
  • წონა
  • კონსტრუქცია

მაშ ასე, დამზადების მასალა. ფიდერის საკვებურები შეიძლება დამზადებული იყოს ლითონის ბადისაგან და პლასტმასისაგან.

42

დღეს ყველა ფიდერით მოთევზავეს თავის არსენალში აქვს როგორც ლითონის, ისე პლასტმასის საკვებურები. ადრე პლასტმასის საკვებურები ძალიან მალე ფუჭდებოდა და ისინი არ იყო პოპულარული. მაგრამ თანამედროვე პლასტამასის საკვებურები მზადდება ძალიან მაღალი ხარისხის მასალისგან და ისინი არანაკლებ გამძლეა, ვიდრე ლითონის. მთავარი განსხვავება ლითონის და პლასტმასის საკვებურებს შორის არის მათ ძირვადობაში. ძუის ამოხვევისას პლასტმასის საკვებურა უფრო სწრაფად ამოტივტივდება წყლის ზედაპირისკენ, ვიდრე ლითონის. შესაბამისად, ის უფრო გამოგვადგება ისეთ ადგილებში თევზაობისას, სადაც ფსკერზე ბევრი ბალახია ან ფსკერი დაფარულია სხვადასხვა დაბრკოლებებით (ქვები, ტოტები, ნაგავი). ამ თვისების გასაუმჯობესებლად მწარმოებლები პლასტმასის საკვებურებს ხშირად უკეთებენ სპეციალურ „ფრთებს“, რათა ისინი მოქაჩვისას პრაქტიკულად ვერტიკალურად ამოტივტივდნენ წყლის ზედაპირისკენ.

ფიდერის მონტაჟის აწყობისას ძალიან მნიშვნელოვანია საკვებურას წონა.

ფიდერის საკვებურებს აქვთ სხვადასხვა წონა. რაც უფრო მძიმეა საკვებურა, მით უფრო ძლიერ დინებაში იყენებენ მას და მით უფრო შორს შეიძლება მისი ტყორცნა. ასევე მძიმე საკვებურებს ვიყენებთ მაშინ, როცა დიდ სიღრმეზე ვთევზაობთ, რადგან ის უფრო საწრაფად აღწევს ფსკერს და ნაკლებ საკვებს კარგავს დაშვებისას.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საკვებურას წონა უნდა შეესაბამებოდეს ჯოხის ტესტს. ასასწორად შერჩეული წონის საკვებურით ტყორცნა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს თქვენი ჯოხისთვის. ასე რომ არ მოხდეს ფიდერით მოთევზავემ ზუსტად უნდა იცოდეს თავისი შერჩეული საკვებურას წონა – რა თქმა უნდა დატვირთულ მდგომარეობაში.

საკვებურას წონა უნდა იდეალურად შეესაბამებოდეს არა მხოლოდ მთლიანად ჯოხის ტესტს, არამედ ჩვენს მიერ შერჩეული ქვივერტიპის ტესტსაც. ამას შემდეგნაირად ვამოწმებთ: როცა მონტაჟს გავტყორცნით და საკვებურა დაეშვება და დაფიქსირდება ფსკერზე, უნდა განვათავსოთ ჯოხი ნაპირის პარალელურად და დავჭიმოთ ძუა. ამ დროს ქვივერტიპის წვერი მოიხრება. ვაგრძელებთ ნელა ძუის მოტანას და ვაკვირდებით, რამდენად მოიხრება წვერი მანამ, სანამ საკვებურა არ დაიძვრება ადგილიდან. თუ წვერი უკვე მოიხარა 90 გრადუსზე მეტად და საკვებურა ისევ დევს ფსკერზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საკვებურა ზედმეტად მძიმეა. იდეალურ შემთხვევაში საკვებურა უნდა იძვრებოდეს ადგილიდან როგორც კი ძუის დაჭიმვისას წვერის მოხრილობა მიაღწევს 90 გრადუსს. ასე შერჩეული წონის საკვებურათი ვაყენებთ ქვივერტიპის მოხრილობას სადღაც 45-60 გრადუსსზე. ამ დროს ჩვენი მონტაჟი უაღრესად მგრძნობიარე ხდება და ამოკვრაც ბევრად სწრაფი და შედეგიანია. თუ ასეთ რეგულირებას გაუკეთებთ საკვებურას დინებაზე თევზაობისას, მაშინ თევზის მცირე გაქაჩვაც კი საკმარისი იქნება რომ საკვებურა თვითონ დაიძრას ადგილიდან და მოხდეს თევზის თვითწამოგება. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოხსენებული მოითხოვს ბევრ ვარჯიშს და გამოცდილების დაგროვებას კონკრეტულ სიტუაციებში.

 დაბოლოს განვიხილოთ ფიდერის საკვებურების სხვადასხვა კონსტრუქციები.

თავისი კონსტრუქციით საკვებურები არის ღია და დახურული. ასეთ დაყოფას განსაზღვრავს ის, თუ რა ტიპის საკვები უნდა მოთავსდეს საკვებურაში. განვიხილოდ საკვებურების ძირითადი სახეობები:

 ღია საკვებურა – Openend feeder

ეს არის ყველაზე გავრცელებული და უნივერსალური საკვებურა და ის აუცილებლად უნდა ჰქონდეს არსენალში როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ მეთევზეს. განკუთვნილია საშუალო დისტანციაზე ტყორცნისათვის. ისინი არის მრგვალი, სამ- და ოთხკუთხედი ფორმის. კუთხოვანი საკვებურები უკეთ ფიქსირდება ფსკერზე და ამიტომ მათ ძირითადად მდინარეზე სათევზაოდ იყენებენ. ღია საკვებურებს ავსებენ სტანდარტული საკვებით, რომელშიც მცირე რაოდენობით შეიძლება იყოს ცოცხალი საკვებიც (თეთრი ჭია, წვრილი ჭიაყელა).

 43333

საკვებურა “რაკეტა” – Rocket cage feeder

ძირითადად გამოდის დიდ წონებში. სიმძიმე მოთავსებულია უშუალოდ საკვებურას წინ და ამიტომ საკმაოდ კარგი აეროდინამიული თვისებები აქვს. შესაბამისად განკუვნილია შორს ტყორცნისათვის. გამოიყენება ძირითადად მდგარ წყალში, შორს მყოფი ფრთხილი თევზის დასაჭერად.

4444

დახურული საკვებურა – Blockend feeder

კლასიკური “ინგლისური” სახეობაა. გამოიყენება მდგარ წყალში და სუსტ დინებაზე. ავსებენ მხოლოდ ცოცხალი საკვებით. მატლი ან ჭიაყელა ნელ-ნელა ტოვებს საკვებურას მისი ხვრელებიდან და ასე იზიდავს თევზს. დახურული საკვებურა ძირითადად მზადდება პლასტმასისგან და ამიტომ არ ირის განკუთვნილი შორს ტყორცნისათვის, მაგრამ იგი იდეალურია დელიკატური ჭერისათვის პიკერით ან ლაით-ფიდერით.

4555

საკვებურა “მეთოდი” – Method feeder

ძალიან ეფექტურია უშუალოდ კობრის და სხვადასხვა კობრისებრთა ჯიშის თევზების დასაჭერად. გამოიყენება ძირითადად მდგარ წყალში. ეს საკვებურა მთლიანად უნდა დაიფაროს შედარებით მყარი კონსისტენციის საკვებით, ხოლო ნემსკავი სატყუარასთან ერთად უნდა ჩავძიროთ ამავე საკვებში, ან უშუალო სიახლოვეში უნდა იმყოფებოდეს მასთან.

46666

სტატიის ავტორი თენგო ბინიაშვილი

 

Share