ქვივერი და მისი მგრძნობელობა
ყველა ფიდერის ანკესს კოპლექტში მოჰყვება 3 ცვლადი წვერო – ქვივერტიპი (ინგლ. Quiver tip – ქანქარა წვერი), იგივე ქვივერი, რომლებიც სპეციალურ დამცავ ტუბუსშია მოავსებული.

ანკესის ჯოხისგან განსხვავებით, ქვივერი დამზადებულია მონოლითური მასალისგან – ნახშირპლასტიკისგან ან მინაბოჭკოსგან. მონოლითური (და არა ღრუ) კონსტრუქცია საჭიროა იმისათვის, რომ ფიდერის ეს წვრილი წვერო იყოს გამძლე და არ გატყდეს ხშირი ტყორცნებისას, რაც დამახასიათებელია ფიდერით თევზაობისთვის.
ფიდერის წვეროები განსხვავდება სიხისტით, ანუ ყოველივე მათგანს აქვს თავისი დამახასიათებელი ტესტი. აქვე უნდა ითქვას, რომ ქვივერის ტესტი და ანკესის ტესტი ერთიდაიგივე ცნებები არ არის. თუ ანკესის ტესტი გამოხატავს მის გამძლეობას დატვირთვებისადმი, ქვივერის ტესტი თავის მხრივ ასახავს მის მგრძნობელობას. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯოხის ტესტი მიუთითებს მთლიანად სატყორცნი მონტაჟის დასაშვებ მაქსიმალურ წონას, ქვივერის ტესტი კი გვკარნახობს, თუ როგორი წონის მონტაჟი მოხრის მას 90 გრადუსით და უზრუნველყოფს ანკესის ოპტიმალურ მგრძნობელობას თევზაობის ამა თუ იმ პირობებში. მაგალითად, თუ ექსტრა–ჰევი კლასის ჯოხზე დაყენებულია წვრილი, მგრძნობიარე ქვივერი, ის პტაქტიკულად არ მონაწილეობს ტყორცნაში და წარმოადგენს მხოლოთ თევზის ჩარტყმის ინდიკატორს.
ქვივერის მგრძნობელობა (ტესტი) ძირითადად მითითებულია ხოლმე მის ბლანკზე და აღინიშნება არა გრამებში (როგორც ფიდერის ჯოხზე), არამედ უნციებში – oz (1 უნცია 28,35 გრამია) და ეს მაჩვენებელი შეიძლება მერყეობდეს 0,5 უნციიდან (რბილი) 5 უნციამდე (ხისტი). შესაბამისად, ყოველი ქვივერი კონკრეტული სათევზეო პირობებისთვისაა განკუთვნილი.
მაგალითად ქვივერის ტესტია 1 უნცია (1 oz). ეს ნიშნავს, რომ ოპტიმალურ მგრძნობელობას ეს წვერი გამოავლეს იმ შემთხვევაში, თუ მონტაჟის წონა არ აღემატება 1უნციას, ანუ 28 გრამს. ამ დროს ნუ დაგვავიწყდება საკვებურაში მოთავსებული საკვების წონაც. იდეალურად დაბალანსებულ აღკახმულობას მივიღებთ, თუ საკვებით დატვირთული მონტაჟის წონა 5–7 გრამით ნაკლები იქნება ქვივერის ტესტზე. მაგალითად, 2 უნციანი ქვივერისთვის იდეალური იქნება მონტაჟი წონით 50 გრამი.
ზოგჯერ ფიდერის ჯოხის ბლანკზე არ არის მითითებული ანკესის ტესტი. ამის დადგენა ადვილია, თუ ვნახავთ ამ ანკესის კომპლექტაციაში შემავალი ქვივერებიდან ყველაზე ხისტი ქვივერის ტესტს – მაგალითად, თუ ყველაზე ხისტი ქვივერის ტესტი უდრის 4 უნციას, ანკესის ტესტიც დაახლოებით იგივე მაჩვენებლის იქნება, ანუ 112 გრამი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის ფირმები, რომლებიც მისდევენ წმინდა ინგლისურ ტრადიციებს, ქვივერის ბლანკზე მის ტესტს მიუთითებენ არა უნციებში, არამედ სიტყვიერად – light, medium და heavi.
ბაზარზე გვხვდება ანკესები, რომელთა კომლექტაციაში შედის 4 ქვივერი: ორი მათგანი მინაბოჭკოსგან არის დამზადებული, ხოლო დანარჩენი ორი ნახშირპლასტიკისაა. უნდა ვიცოდეთ, რომ მინაბოჭკოვანი წვეროები უფრო მსუბუქი ტესტისაა, ვიდრე ნახშირპლასტიკის. ბევრი მწარმოებელი ფირმა ქვივერის ბლანკზე ტესტის გარდა, მიუთითებს აგრეთვე ქვივერის მასალასაც, მაგალითად თუ წვერო მინაბოჭკოსგან არის დამზადებული, მას ექნება წარწერა glass, ხოლო თუ ნახშირპლასტიკისაა, მასზე ეწერება carbon.

მინაბოჭკო უფრო რბილი და ელასტიურია, შესაბამისად მისგან დამზადებული ქვივერტიპები ძალიან მგრძნობიარეა და მეტად ეფექტურია მსუბუქი მონტაჟებით თევზაობის დროს. ნახშირპლასტიკის ქვივერები უფრო ხისტია და ამიტომ მათი გამოყენება უმჯობესია დინებაზე თევზაობისას, როდესაც ანკესზე დატვირთვაც დიდია და საკვებურებიც უფრო მძიმეა.
ექსტრა–ჰევი კლასის ფიდერებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვივერების გამტარი რგოლების დიამეტრს. ამის მიზეზია ის, რომ მძიმე მონტაჟების შორი, ძალისმიერი ტყორცნების დროს მეთევზეები ხშირად იყენებენ შოკ–ლიდერს . ეს უკანასკნელი წარმოადგენს სქელი ძუის გარკვეულ მონაკვეთს, რომელიც მიბმულია ძირითად ძუაზე და იცავს მძიმე მონტაჟს მოგლეჯვისგან ძალისმიერი ტყორცნის დროს. შესაბამისად, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მძიმე ფიდერების ქვივერებს ჰქონდეს ჩვეულებრივზე უფრო განიერი გამტარი რგოლები, რათა მათში თავისუფლად გასრიალდეს ძიღითადი ძუისა და შოკ–ლიდერის დამაკავშირებელი კვანძი.

ფიდერის წვეროები როგორც წესი სხვადასხვა ფერით არის შეღებილი. თეთრი ფერით შეღებილია მსუბუქი ქვივერები, მწვანე ფერი აქვთ საშუალო ტესტის ქვივერტიპებს, ხოლო მძიმე წვეროები შეღებილია წითლად ან ნარინჯისფერია.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ფირმა ყველა ქვივერს ერთი ფერით ღებავს, ამიტომ მათი ზუსტი ტესტის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ მათ ბლანკზე მითითებული წარწერით.
სტატიის ავტორი თენგო ბინიაშვილი