ძალიან ხშირად დამწყები ფიდერმენები მძიმე დილემის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე – რომელი ძუა უმჯობესია ფიდერით სათევზაოდ – მონო თუ წნული?
ამ საკითხზე ინტერნეტში ბევრია ნათქვამი, მაგრამ საფუძვლიანი ანალიზი ძალიან ცოტაა, ძირითადად ავტორები საკუთარ სუბიექტურ მოსაზრებებს აქვეყნებენ. მე ვიპოვე ერთი სტატია, სადაც ჩემი აზრით მეტ-ნაკლებად ამომწურავი პასუხია გაცემული ზემოხსენებულ პრობლემაზე. შევეცდები წარმოგიდგინოთ ამ სტატიის თავისუფალი თარგმანი, მცირე შემოკლებებით. მაშ ასე:
ფიდერის ძუა: მონო თუ წნული?
მონო ძუა Maver Dual Band
წნული ძუა: Daiwa Bradi Torunament
ძუის არჩევანის საკითხი ფიდერით ჭერაში უაღრესად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ეს პრობლემა აწუხებთ დამწყებ მეთევზეებს. შევეცადოთ განვიხილოთ თითოეული ძუის უპირატესობები და ნაკლოვანებები და გადავწყვიტოთ, რომელი ავირჩიოთ.
მატერიალური საკითხი
ჩემი აზრით მსჯელობა უპრიანია დავიწყოთ ისეთი აქტუალური საკითხით, როგორიცაა ძუის ღირებულება. ყველამ ვიცით, მონოფილი მნიშვნელოვნად იაფია, ვიდრე წნული ძუა. ანუ ამ პოზიციაში წნული აგებს. მაგრამ ასეა ეს ნამდვილად? სქელი მონოფილის ექსპლუატაციის ვადაა საშუალოდ ორი სეზონი. მერე ის უნდა შევცვალოთ, რადგან იგი სიძველისაგან მნიშვნელოვნად კარგავს სიმტკიცეს და ბევრად ჩამორჩება პირვანდელ ტესტს. წნული ძუა კი თავისუფლად ძლებს 4 სეზონი, და კიდევ მეტსაც გაძლებს, თუ მას 2 სეზონის შემდეგ შემოვაბრუნებთ და პირუკუღმა გადმოვახვავთ კოჭაზე. თუმცა ყოველივე ამის მიუხედავად, მონო ძუა მაინც უფრო იაფი დაგვიჯდება. მოდით ფინანსური საკითხი ამით ამოვწუროთ, საიდანაც ჩანს, რომ მატერიალური თვალსაზრისით მონო უგებს წნულს.
ახლა გადავიდეთ უშუალოდ თევზაობაზე. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ძალიან ზუსტად განვსაზღვროთ კონკრეტულ სიტუაციებში არსებული სათევზაო ფაქტორები. ესენია:
- ჭერის დისტანცია. მივიღოთ ურყევ წესად – რაც უფრო დიდია ჭერის დისტანცია, მით უფრო უპირატესია წნული ძუა. პირველი მიზეზი, რის გამოც წნული ძუა უკეთესია ვიდრე მონო, არის ის, რომ წნული ძუით ჩვენ გაცილებით შორს ვტყორცნით სატყუარას, ვიდრე მონოძუით. ამას განაპირობებს წნული ძუის მცირე დიამეტრი და მისი უნარი ნაკლები ხახუნით გაიაროს ანკესის რგოლებში. გარდა ამისა, წნული ძუა შეუცვლელია შორ დისტანციაზე თევზის ჩარტყმის ამოცნობისათვის – მაგალითად, 40 მეტრის შემდეგ მონოძუა (თავისი წელვადობის გამო) უკვე მნიშვნელოვნად კარგავს მგრძნობელობას, ხოლო 60 მეტრის იქით მონო ძუა ფიდერით თევზჭერაში აბსოლუტურად გამოუსადეგარია. ასეთ დისტანციაზე მონოძუის წელვადობის გამო თევზის დელიკატური მიკარება კი არა, უკვე წამოგებული თევზის ფართხალიც კი ძნელად შესამჩნევია. გარდა ამისა, თუ 80 მეტრ დისტანციაზე წნული ძუით თევზაობისას ამოკვრის შესასრულებლად ჩვენ უბრალოდ ენერგიულად უნდა მოვხსნათ ანკესი სადგარიდან, მონო ძუის შემთხვევაში დაგვჭირდება რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა უკან და ისიც შეიძლება ნორმალური ამოკვრა არ გამოგვივიდეს.
- დინების სიჩქარე. რაც უფრო ძლიერია დინება, მით უფრო უპირატესია წნული ძუა. მიუხედავად იმისა, რომ მონოფილი უფრო “გლუვია” და “მრგვალი”, წვრილი წნული ძუა უფრო ნაკლებად ეწინააღმდეგება დინების ძალას და შესაბამისად საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ უფრო მსუბუქი საკვებურები და ჩვენი მონტაჟი უფრო მგრძნობიარე გავხადოთ.
- თევზის ზომა. რაც უფრო დიდია თევზი, მით უფრო მომგებიანია მონოფილი. თავისი წელვადობის წყალობით ის ამორტიზირებას უკეთებს დიდი თევზის გაქაჩვებს, განსაკუთრებით ამოყვანის ბოლო სტადიაზე. ხოლო არაწელვადი წნული ძუის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება არამომგებიან პოზიციაში აღმოვჩნდეთ. ამ პრობლემის რეგულირებაში ჩვენ გვეხმარება ფრიქციონი, და მართლაც მისი წყალობით წნული ძუითაც შეიძლება ნაპირამდე გამოვიყვანოთ 3-4 კგ-იანი კობრიც კი, მაგრამ ფრიქციონის ოსტატურ გამოყენებას თევზაობის დიდი გამოცდილება სჭირდება, რაც ესოდენ აკლიათ დამწყებ მეთევზეებს. ფრიქციონის ოდნავ ზედმეტი მოჭერაც კი ახალბედასთვის ხშირად სავალალოდ მთავრდება, თუ ის თევზაობს წნული ძუით.
- თევზის აქტიურობა. რაც უფრო ფრთხილად იღებს თევზი სატყუარას, მით უფრო მომგებიანია წნული ძუა. თითქმის არაწელვადი წნული ძუა კარგად გადმოსცემს ქვივერტიპს თევზის თუნდაც ფრთხილ მიკარებასაც კი, რაც თევზაობის შედეგისთვის შეიძლება ზოგჯერ გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.
მაშ ასე, რომელი ძუით ვითევზაოთ? ნებისმიერ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება წნულ ძუას, რადგან ის შეუცვლელია ფიდერით თევზჭერაში ისეთი მნიშვნელოვანი მანიპულაციის შესასრულებლად, როგორიცაა ფსკერის რელიეფის ზონდირება. გარდა ამისა, წნული ძუა უფრო კარგად გადმოსცემს თევზის დარტყმას. თუმცა, არის მეთევზის პრაქტიკაში ისეთი შემთხვევები, როცა უპირატესობა მონოფილს უნდა მივანიჭოთ. ასე რომ, ჩვენს არსენალში უნდა იყოს ორივე სახის ძუა.
სტატია მოამზადა: თენგო ბინიაშვილი