ძვირფასო მეგობრებო, მოგეხსენებათ, ჩვენ საიტზე განთავსებულია საქართველოს კარპის კლუბის ფორუმი, სადაც გაერთიანებულნი არიან კარპფიშინგით გატაცებული მეთევზეები. ამ ფორუმზე თქვენ პრაქტიკულად ყველაფერს ნახავთ, რაც კობრის სპორტულ ჭერას უკავშირდება.
ასევე ჩვენ საერთო ფორუმზეც არის გახსნილი კარპის განყოფილება, რადგან ჩვენ ვცდილობთ ჩვენ მომხმარებელს ყველა ტიპის ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც ზოგადად სპორტულ და სამოყვარულო თევზჭერას ეხება.
თუ თქვენ უკვე გამოცდილი კარპფიშერი ბრძანდებით, შეგიძლიათ პირდაპირ ესტუმროთ კარპის ფორუმს, სადაც გამოცდილებას გაგიზიარებენ კარპფიშერები, ხოლო თუ ზოგადად კობრის ჭერით ხართ დაინტერესებული ან აპირებთ ამ სტილით თევზაობის დაწყებას, შეგიძლიათ აქაც მოძებნოთ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია.
ეს თემა კონკრეტულად ეძღვნება კარპფიშინგის საფუძვლებს და განსაკუთრებით სასრგებლოა მათთვის, ვინც ეხლა იწყებს ამ არაჩვეულებრივ სათევზაო სტილთან გაცნობას.
დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ ცნობილი კარპფიშერის, დეივ როსერის, რამდენიმე სტატიას, რომლებიც კარპფიშინგთან გაცნობაში დაგეხმარებათ.
დეივ როსერი – რჩევები დამწყებ კარპფიშერებს. ნაწილი I

შესავალი
სტატიების ეს ციკლი არ გახლავთ კარპფიშინგის რაიმე ფუნდამენტალური სახელმძღვანელო, არამედ წარმოადგენს ჩემი რეკომენდაციების კრებულს თემაზე “ვიწყებთ კობრის ჭერას”. ისინი განკუთვნილია უპირველესყოვლისა იმ მეთევზეთათვის, რომლებსაც უკვე გააჩნიათ გარკვეული გამოცდილება, ყოველ შემთხვევაში იციან, თუ როგორ ტყორცნონ მონტაჟი და გამოყვენონ თევზი წყლიდან. გარდა ამისა, გაიათვალისწინეთ, რომ ჩემი რჩევები ეხება თევზის ჭერას “ნამდვილ” წყალსაცავებზე და არა თევზაობას თევზით გადავსებულ კომერციულ ტბორებზე, სადაც თევზაობას სულ სხვა სპეციფიკა გააჩნია და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ კარპფიშინგთან.
თავდაპირველად მცირედ მიმოვიხილოთ საჭირო აღჭურვილობა. საითაც არ უნდა გაიხედოთ და რომელი ჟურნალიც არ უნდა გადაშალოთ, ყველგან წააწყდებით უამრავ სარეკლამო ინფორმაციას და საბოლოოდ თქვენ შეიძლება გააკეთოთ დასკვნა, რომ თუ არ შეიძენთ აღჭურვილობის ყველაზე ძვირიან და ბოლო მოდელებს, საერთოდ ჩამოგერთმევად უფლება მიუახლოვდეთ წყალსაცავს. გარდა ამისა, შეიძლება ჩამოგიყალიბდეთ აზრი, რომ კობრის დასაჭერად აუცილებლად უნდა იქონიოთ ექსტრემალურად მტკიცე, რკინისებური აღჭურვილობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველივე ეს აბსოლუტურად არასწორია. დაიმახსოვრეთ, რომ აღჭურვილობის შეძენისას უნდა იხელმძღვანელოთ მხოლოდ ერთი წესით – შექმნათ დაბალანსებული ნაკრები კონკრეტულად იმ წყალსაცავისთვის, სადაც აპირებთ თევზაობას.
უნდა აღვნიშნო, რომ კობრის ანკესის ხარისხი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ანკესის წვერს დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას მოხრილობის შემდეგ. ეს უნდა მოხდეს სწრაფად, ვიბრაციის გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტყორცნის მაქსიმალური დისტანციის მისაღწევად. ცხადია, ასეთი მაჩვენებლები მხოლოდ თანამედროვე და ხარისხიანი მასალების გამოყენებით მიიღწევა. შესაბამისად, ანკესი უნდა იქონიოთ კარგი და ხარისხიანი, აქ სადავო არაფერია. თუმცა აუცილებელი არ არის ის ყველაზე ძვირიანი იყოს – მწარმოებელთა უმრავლესობას აქცთ საკმაოდ კარგი დაბალბიუჯეტიანი ჯოხები. დასაწყისისთვის ის სრულიად საკმარისი იქნება.
ძირითადი შეცდომა, რომელსაც უშვებენ დამწყები მეთევზეები ანკესის შერჩევისას, არის ის, რომ მათ არ იციან, თუ როგორი ტიპის (წყობის) ანკესი სჭირდებათ. ბევრჯერ მინახავს პატარა ტბებზე მეთევზეები, რომლებსაც უკავიათ სწრაფი წყობის მძლავრი ჯოხები უზარმაზარი კოჭებით, არადა ტყორცნის დისტანცია არ აღემატება 50 მეტრს. მერე ასეთ ბიჭებს უკვირთ, თუ რატომ კარგავენ ამდენ თევზს გამოყვანისას. მოდით ცოტა განვავრცოთ ანკესის წყობის საკითხი.
წყობა ეწოდება ანკესის მოხრილობის უნარს, ანუ იმას, თუ როგორ იხრება ანკესი – მთელს სიგრძეზე, თუ მხოლოდ წვერის მიდამოში. შესაბამისად, არსებობს ორი ტიპის ანკესები, ესენია:
- ე.წ. ნელი წყობის (პარაბოლური), რომლებიც მთელს სიგრძეზე განიცდიან მოხრილობას. კარგი ამორტიზაციის უნარის წყალობით ასეთი ტიპის ჯოხები საუკეთესოა თევზის გამოსაყვანად.
- ე.წ. სწრაფი წყობის, რომლებიც მხოლოდ ზედა მესამედში განიცდიან მოხრილობას. თუ თქვენთვის თევზაობის დროს უფრო პრიორიტეტულია შორი და ზუსტი ტყორცნა, მაშინ სწორედ სწრაფი წყობის ჯოხი გჭირდებათ. ასეთი ჯოხით დიდი თევზის გამოყვანა დიდ ყირადღებას და მოხერხებულობას მოითხოვს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა წესიდან არსებობს გამონაკლისი და თუ თქვენ თევზაობთ მძიმე მეთოდ-საკვებურათი ან აპირებთ პ.ვ.ა. პაკეტის ტყორცნას, ნელი წყობის ჯოხით სავარაუდოთ უფრო შორ დისტანციას დაფარავთ, რადგან მძიმე სატყუარების ტყორცნის ტექნიკა განსხვავებულია და მისთვის უფრო მოხერხებულია ნელი წყობის ჯოხები. შესაბამისად, თუ თქვენ აპირებთ თევზაობას მცირე ან საშუალო ზომის წყალსაცავზე, გირჩევთ კობრებთან “წათამაშება” დაიწყოთ 60-90 გრ. ტესტის მქონე ნელი წყობის ანკესით, რომლითაც, თუ სწორ ტექნიკას გამოიყენებთ (გვექნება საუბარი შემდეგ სტატიებში), თქვენ უპრობლემოდ გატყორცნით მონტაჟს 90-100 მ. დისტანციაზე, ხოლო პ.ვ.ა. პაკეტს საშუალო დისტანციაზე. გარდა ამისა, ბევრად უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ თევზის გამოყვანის პროცესში.

კოჭა
კობრზე თევზაობისთვის მე გირჩევდით კოჭას, რომელსაც აქვს მაქოს თავისუფალი ბრუნვის მექანიზმი ანუ ე.წ. ბეითრანერი. ბეითრანერიანი კოჭა საშუალებას აძლევს თევზს ჩარტყმისას თავისუფლად მოხსნას ძუა მაქოდან. ხოლო როდესაც თქვენ ხელში აიღებთ ანკესს და გააკეთებთ ამოკვრას, კოჭას სახელურის პერველივე ბრუნისთანავე ბეითრენერი ავტომატურად გამოირთვება და თქვენ შეძლებთ ძუის ამოხვევას.
ბეითრანერიან კოჭებს მე ვიყენებ თითქმის ყველა თევზაობაზე. ეს მექანიზმი მე საშუალებას მაძლევს უფრო იშვიათად გამოვიყენო დიდი და მძიმე ე.წ. “ბიგ-პიტის” ტიპის კოჭები.
თუმცა ზოგჯერ ისინიც საჭირო ხდება. “ბიგ-პიტის” ტიპის კოჭების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მათ აქვთ უფრო დიდი და ფართე მაქო. შესაბამისად, ამ კოჭებით შესაძლებელია თევზაობა უფრო შორ დისტანციაბზე და უფრო მსხვილი ძუით. თუმცა, სინამდვილეში ეს უპირატესობა შესამჩნევია მხოლოდ 80 მეტრზე დიდ დისტანციებზე. უმეტესობა “ბიგ-პიტებს”, როგორც წესი არ აქვთ ბეითრანერი.

თუმცა, არის მოდელები, მაგალითად “Shimano Bigbaitraner” ან “Daiwa XBR5500”, რომლებსაც აქვთ ბეითრანერის მექანიზმი, მაგრამ ისინი ძალიან დიდია, მძიმეა და… ძვირია. როგორც ანკესების შემთხვევაში, უმჯობესია კოჭაც ხარისხიანი შეიძინოთ. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი თქვენი ბიუჯეტი კოჭაში უნდა დახარჯოთ. გაყიდვაში არის სრულიად ნორმალური დაბალბიუჯეტიანი კოჭები, მაგალითად Okuma-ს ტიპის, თუმცა შიმანოს ან დაივას კოჭა არა ერთი წელი გასიამოვნებთ, ანუ ფაქტიურად ის გამსახურებათ იქამდე, სანამ რომელიმე ახალი მოდელით არ შეცვლით მას.
ძუა
ძუის არჩევანი იმდენად “ინტიმური” საკითხია, რომ კითხვაზე “რომელი ძუა არის უკეთესი?” თქვენ ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერ მიიღებთ
ძუები იყოფა 3 სახეობად:
- მონო (ფილამენტი) – ეს არის გაწელილი ნეილონისაგან დამზადებული ძუები. ისინი გამოშვებულია სხვადასხვა სისქის, წელვადობის და ცვეთმედეგობის. ყოველ ნაირსახეობას თავისი გამოყენების სფერო აქვს. მაგალითად, შედარებით წვრილი ძუები კარგია შორი ტყორცნისთვის, ასევე მათი საშუალებით უფრო მასახერხებელია თევზის კონტროლი. მაგრამ, თუ თქვენ წყალში ჩაძირული მორების და ხეების მახლობლად თევზაობთ, ასეთი ძუით თევზაობა დიდ სატანჯველად შეიძლება გექცეთ. აქ უკვე მსხვილი დიამეტრის მონო უნდა ჩაერთოს საქმეში. ასე, რომ მონო ძუაბის შეძენისას ყურადღება უპირველესად გაამახვილეთ მათ დიამეტრზე და არა სიმტკიცეზე (თუმცა ეს ორი ცნება გარკვეულწილად ურთიერთდამოკიდებულია), რადგან ასე თქვენ უფრო მიუსადაგებთ ძუას თქვენს მიერ შერჩეულ თევზაობის ტაქტიკას. თუ ძუა ცნობილი მწარმოებლისგანაა, მისი სიმტკიცე როგორც წესი იმაზე მეტია, რაც შესაფუთზეა მითითებული. 12-15 lb (3-4 კგ) ტესტის მქონე ძუა თქვენთვის უმეტეს შემთხვევაში სრულიად საკმარისი იქნება.
- ფლუოროკარბონი – ნამდვილი აღმოჩენაა თევზაობის პრაქტიკაში, რადგან ითვლება, რომ ის თევზისთვის უხილავია. ნამდვილი ფლუოროკარბონი ძალიან მძიმეა, ის კარგად იძირება, აქვს დაბალი წელვადობა, მაგრამ ამავე დროს ამ მასალისგან დამზადებულ ძუებს აქვთ ერთი ნაკლი – ისინი საკმაოდ ხისტია და მსხვრევადია, რაიმე წინაღობაზე გადატარებისას ისინი ძალიან ადვილად ცვდება და წყდება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფლუოროკარბონული ძუის – X-line -ის მწარმოებელი ამტკიცებს, რომ მათი ძუა ძალიან მდგრადია ცვეთისადმი, მაგრამ ასეთი ცვეთმედეგი ფლუოროკარბონი ზომაზე მეტად ხისტია და აბსოლუტურად გამოუსადეგარია შორი ტყორცნისთვის. გარდა ამისა, ის არანორმალურად ძვირია! ასეთი ვითარებიდან ზოგიერთმა ფირმამ მოძებნა კომპრომისი (მაგალითად Krystonite ფირმა Kriston-ისგან) – მათ გამოუშვეს ფლუოროკარბონით დაფარული მონოძუაბი. შესაბამისად, ასეთი ძუები საკმაოდ უხილავია წყალში და ამავე დროს შენარჩუნებული აქვთ მონოძუების ყველა უპირატესობა.
- წნული ძუა წარმოადგენს მოწნული ან შედუღებული უწვრილესი ბოჭკოების ნარევს. ასეთი სტრუქტურა ანიჭებს მათ უნიკალურ თვისებას – ძალიან მცირე დიამეტრის ფონზე ისინი საკმაოდ დიდ სიმტკიცეს ინარჩუნებენ. შესაბამისად, წნული ძუები იდეალურია შორეულ დისტანციაბზე თევზაობისათვის. ამ ძუების ძირითადი და ყველაზე დიდი ნაკლია მათი ნულოვანი წელვადობა. ამის გამო, თქვენ ძალიან ადვილად შეიძლება ამოაძროთ თევზს ნემსკავი ტუჩიდან, განსაკუთრებით ხშირად ეს ხდება მაშინ, როცა თევზი უკვე ახლოსაა ნაპირთან და თქვენ ხელში მძლავრი, სწრაფი წყობის ანკესი გიკავიათ. ასევე გახსოვდეთ, რომ წნული ძუით თევზაობისას უნდა გამოიყენოთ სწორად შესრულებული კვანძები, რადგან თუ კვანძი ცუდად არის გაკეთებული, ამ ადგილას წნული ძუის სიმტკიცე მკვეთრად სუსტდება.
ჩარტყმების ინდიკაცია
არსებობს ინდიკატორების ორი ძირითადი ტიპი – ხმოვანი და ვიზუალური. ხმოვანი ინდიკატორებს (ე.წ. “სიგნალიზატორები”) განსხვავებული მექანიზმები აქვთ, თუნცა მათი მუშაობის შედეგი ყოველთვის ერთნაირია – ჩარტყმისას ისინი გამოსცემენ ხმოვან სიგნალს (“ბი-ი-იპ !”). სიგნალიზატორის დახმარებით თქვენ აღარ გჭირდებათ განუწყვეტლივ ანკესების თვალყურის დევნა, თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ აუცილებელი საქმეებით, დააკვირდეთ ტბაზე თევზის მოძრაობას, შეამოწმოთ დაკვებილი ადგილები, დალიოთ ყავა ან უბრალოდ მცირე ხნით წათვლიმოთ. ყოველივე ეს ზრდის თევზაობის ეფექტურობას. თუმცა, ხმოვან ინდიკატორებს აქვთ ერთი ნაკლი – ქარიან ამინდში ხშირია ცრუ სიგნალები. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ ისინი გამორთოთ და გამოიყენოთ უხმო ვიზუალური ინდიკატორები.
არსებობს ვიზუალური ინდიკატორების ორი ტიპი – სვინგერები და საკიდურები. საკიდურა წარმოადგენს უბრალო დამძიმებულ კლიფსას, რომელიც ზონარით მიბმულია ანკესის სადგარზე. ზონარი იცავს კლიფსას წყალში ჩავარდნისგან ამოკვრის დროს. საკიდურას მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია – ძუის დაჭიმვისას ის იწევს ზევით, ხოლო ძუის მოდუნებისას – ქვევით. საკიდურა ძალიან მგრძნობიარე ინდიკატორია და თავისი მოძრაობით ყველაზე სუსტ ჩარტყმასაც კი გადმოსცემს. საკიდურებს აქვთ ერთი ნაკლი – ძლიერი ქარისას ისინი ირხევა და ამიტომ მატულობს ცრუ ჩარტყმების რიცხვი. ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სვინგერი – ზამბარიანი კლიფსა, რომელიც უმაგრდება ხმოვანი სიგნალიზატორის სპეციალურ ბერკეტს, თუმცა ძალიან სუსტი ჩარტყმები სვინგერმა შეიძლება ვერ ამოიცნოს.

და ბოლოს ჩვენ უნდა დავახასიათოთ ის საგანი, რომელზეც ემაგრება ჩარტყმის ინდიკატორები და იდება ანკესები. ეს არის კომპლექსური სადგარი ანუ ე.წ. როდ-პოდი, რომელზეც ერთდროულად თავსდება 2-3 ანკესი და ცალკეული ღერძულა სადგარები, რომლებზეც სათითაო ანკესები იდება. პირადად მე, თუ გრუნტი მაძლევს საშუალებას, ვიყენებ ცალკეულ სადგარებს, რადგან მათი საშუალებით მე უფრო თავისუფლად და სვხადასხვა მიმართულებით შემიძლია განვათავსო ანკესები.

გარდა ამისა, ისინი უფრო მყარად ფიქსირდება და იკავებენ უფრო ცოტა ადგილს, ვიდრე როდ-პოდები. მაგრამ, თუ თქვენ თევზაობთ ბეტონის ან ხის ნაპირზე, როდ-პოდი აუცილებელი ხდება.

ესეც ესე! ჩვენ გვაქვს ანკესი და კოჭა, გვაქვს სადგარი და ჩერტყმის სიგნალიზატორი. ასე რომ უკვე დროა განვიხილოთ სათანადო მონტაჟები, რასაც უკვე შემდეგ სტატიაში გავაკეთებთ.
სტატია თარგმნა თენგო ბინიაშვილმა
წყარო: http://carpfishing.by/