თეთრი ამური (Ctenopharyngodon idella) საქართველოში მასიურად გავრცელებული არ გახლავთ. ის უმრავლესად ხელოვნურ კერძო ტბებში გვხვდება. მისი გამრავლების მიზანი წყალმცენარების პოპულაცის შემცირებაა, თუმცა მას კულინარიული თვალსაზრისითაც დიდი პოპულარობა აქვს. დადის ლეგენდები რომ ამურის დაჭერა ძალზედ რთული და შრომატევადი პროცესია, ნაწილობრივ ეს სიმართლეცაა. საკვებით მდიდარ წყალსატევებში ფაქტიურად შეუძლებელია ამურის ნემსკავზე წამოგება, რადგან ის ძალიან ფრთხილი თევზია და როგორც კობრისებრთა უმრავლესი ჯიშებისა ყველაფერს ზედიზედ არ ისრუტავს. სამწუხაროდ საქარტველოს წყალსატევებში მას გამავლების პირობები არ გააჩნია, თუმცაღა გამრავლების ფაქტებიც არსებობს.

1

ზოგადი დახასიათება

თეთრი ამური მიეკუთვნება კობრისებრთა ოჯახს. გუნდური თევზია, მოძრაობს 10-15 თევზი გუნდში. აღწევს ზომას 120 სმ, მისი მაქსიმალური წონა ძირითადად შეადგენს 15-20კგ, თუმცა ცნობილია 39კგ წონის ეგზემპლარების დაჭერის ფაქტებიც. ამურს აქვს წაგრძელებული, თითისტარის ფორმის სხეული, მომცრო ზომის თავი, პირდაპირი სწორი პირის მოყვანილობა, სქელი უხეში ქვედა და ზედა ტუჩი. დაფარულია მსხვილი ვერცხლისფერი ქერცლით, ზურგზე დაკრავს მომწვანო–მორუხო ფერი, მუცელი ღია ოქროსფერი აქვს.

2 ადრე გაზაფხულზე წყლის ტემპერატურა როცა მიაღწევს 10-12 გრადუსს, ამური იწყებს თხელ წყალში მცირეოდენი საკვების მოპოვებას. წყლის ტემპერატურის ზრდასთან ერად მისი მადაც იზრდება და დღის განმავლობაში ამურის მიერ მოპოვებული და გადამუშავებული საკვები ხშირად აჭარბებს მისი სხეულის წონას. იკვებება ყველა სახის წყალმცენარეებით, მათ შორის უყვარს სიმინდი, კიტრი, კარტოფილი და სხვა უამრავი ბოსტნეული თუ ხილი. მას ამის გამო ვეგეტარიანელსაც კი უწოდებენ, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თეთრი ამურის ლიფსიტა და უკვე წამოზრდილი თევზი იკვებება კოღოს მატლით და გამარუსით, ანუ ცოცხალ საკვებს იღებს ზრდის დასაწყისში და როცა უკვე მოიზრდება, შემდეგ გადადის მცენარეულ საკვებზე. უპირატესობას ანიჭებს რბილ ქორფა ლელქაშს. გავრცელებულია მოსაზრება, რომ თითქოს ამური პირის მოყვანილობის გამო ვერ ახერხებს ფსკერიდან საკვების მოპოვებას და ის წყლის ზედაპირზე ლელქაშით და მცურავ წყალმცენარებით იკვებება. (პირადად მე არ ვიზიარებ ამ შეხედულებას)

ზამთრის პერიოდში როდესაც წყლის ტემპერატურა ეცემა 10 გრადუსზე ქვევით, ამური წყვეტს კვებას და ჩაღრმავებულ ორმოში იზამთრებს დიდ ჯგუფებად. ამ დროს მისი კანქვეშა ჯირკვლები დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფს და მთელ ტანზე ედება, რომელიც ერთგვარი სიცივისგან დამცავი ფენის როლს ასრულებს. ხშირ შემთხვევაში წყლის ზედაპირზეც კი აღინიშნება ლორწოსებური მასა, რაც გვანიშნებს დიდი რაოდენობით ამურის თავშეყრის ადგილს. ამურის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20 წლით შემოიფარგლება.

 გამრავლება

ამური სქესობრივად მწიფდება 7-8 წლის ასაკში იწყება. ტოფობს ერთბაშად ან ეტაპობრივად, დამოკიდებულია წყალსაცავის პირობებსა და იხტიოფაუნაზე. თეთრი ამური სამშობლოში (მდინარე ამურის ბასეინი) ტოფობას იწყებს ივნისი- ივლისის პერიოდში. წყლის ტემპერატურა 27გრადუს უნდა აღწევდეს. ქვირითობს ჩქარი დინების შენაკადების კიდეებზე, სადაც რელიეფზე ქვიშისებური მასა გროვდება. ზრდასრული ამური 1.5 მილიონ ქვირითს ყრის. ამურის ზრდის პროცესი საკმაოდ შთამბეჭდავია, წელიწადში 2-3 კილოგრამს აღწევს, დამოკიდებულია წყალსაცავზე და მის ეკოსისტემაზე. საქართველოში სამწუხაროდ ხელოვნურ წყალსატევებში მას გამრავლების პირობები არ გააჩნია, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს.

 გავრცელება

თეთრი ამურის სამშობლოდ ითვლება აღმოსავლეთ აზია, მდინარე ამურის ბასეინი. 60-იან წლებში მოხდა მისი ჩამოსახლება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართელოშიც იმ მიზნით, რომ მას გაესუფთავებინა ტბები წყალმცენარეებისაგან.

საქართველოში ამურს მასიურად ამრავლებდნენ და დღემდე ბინადრობს ბაზალეთის ტბაში, კუმისის ტბასი და რაჭაში, შაორის წყალსაცავში. მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად ბინადრობს ამური, სამწუხაროდ არ მომეპოვება.

 თეთრ ამურზე თევზაობა.

თეთრი ამური ძალიან ფრთხილი და ძლიერი თევზია. მასზე თევზაობისას საჭიროა სიჩუმის განსაკუთრებულად დაცვა. ასევე აუცილებელია ძლიერი და კარგად შემოწმებული აღკაზმულობის გამოყენება: ძირითადი ძუა დიამეტრით არანაკლებ 0.35მმ, ხოლო სადავე არანაკლებ 0.25მმ. ნემსკავები გამოიყენება კობრის, ძლიერი და საკმაოდ დიდი ზომის. პირის ჭრილის განლაგების თავისებურებიდან გამოდინარე თეთრი ამიურისათვის საკვების აღება ნაკლებად კომფორტულია ფსკერიდან (თუმცა გამორიცხული არაა). ამიტომ, სასურველია რომ სატყუარა მას მივაწოდოთ წყლის ფენაში ან ზედაპირზე. სატყუარად გამოიყენება მხოლოდ ახალგაზრდა და ქორფა მცენარეული: კიტრის ნაჭერი ან ნათალი; ჭყინტი სიმინდის მარცვლები; სიმინდის ქორფა და რძიანი ფოთოლი; მუხუდოს ახალგაზრდა ფოთლები; ალოეს ეკალგაცლილი ქორფა ფოთოლი; ახლად ამოყრილი ლელქაშის ღეროს გული; ცერეცოს ან კამის კონა; წყლის ნორჩი ხავსი და სხვა. შესაძლებელია, რომ სხვადასხვანაირ ბოილებზე, თეთრ პურზე და კონსორვირებულ სიმინდზეც იქნას დაჭერილი. ასევე, გამოცდილი და შედეგიანია ტექნოპლანქტონის აღკაზმულობის გამოყენება. როგორც წესი, ამურის გამოყვანა დიდხანს გრძელდება. ძლიერი თევზია, დიდხანს არ იღლება, რითაც დიდი სიამოვნების მომნიჭებელია. ნაპირთან მიღებისას, აუცილებელია ჩოგანბადის გამოყენება.

 3

 სტატიის ავტორი: “საქართველოს კარპფიშერთა კლუბი”

Share