ძუები უკვე შერჩეული გვაქვს, ახლა საჭიროა ეს ყველაფერი ჩვენს მაქოებზე გადავიტანოთ. ტყორცნა რომ შორი და ზუსტი იყოს, საჭიროა მაქო იყოს საკმარისად შევსებული, ასე უფრო ეფექტურად იცლება ძუა. მოდით, ეს ყველაფერი განვიხილოთ პრაქტიკულ მაგალითზე. ყველას თავისი მეთოდიკა აქვს, აქ გაჩვენებთ ჩემს ვარიანტს.

დღეს დავახვევთ 150 მეტრ მატრიქსის 0,1 წნულს ალუმინის 3000-იან მაქოზე. მაქოს მინიშნება აქვს, რომ ზედ ეხვევა 220 მეტრი 0,28 ზომის ძუა. არანაირად არ გვეყოფა ეს 150მ მაქოს შესავსებად, ამისათვის გვჭირდება ბექინგის დახვევაც. ბექინგად გამოვიყენებ 0,25 ზომის ჩინურ იაფფასიან მონოს (ტესტი შემოწმებული გვაქვს – 2,55 კგ. რაც სავსებით აკმაყოფილებს მოთხოვნებს).კოჭას გარდა დაგვჭირდება აგრეთვე, ანკესის ქვედა ტარი, ორი მაქო, წყლით სავსე ჭურჭელი და სპეციალური კვანძის წებო.

კოჭას ვათავსებთ ანკესზე და ვამაგრებთ ერთ-ერთ მაქოს. ვიღებთ მატრიქსის წნულს, ვდებთ წყლით სავსე ჭურჭელში, ვიღებთ წნულის ბოლოს, გავატერებთ ანკესის რგოლში და ვიწყებთ კოჭაზე დახვევას. რატომ წყალში? სველი ძუა (არ აქვს მნიშვნელობა წნული თუ მონო) უფრო დამყოლი ხასიათისაა და მაქოზე ეხვევა ძალიან მჭიდროდ და ლამაზად. ფოტოებზე თქვენ თვითონ ნახავთ და შეაფასეთ. ვაგრძელებთ დახვევას, მოკლედ დაეხვა 150 მეტრი წნული. შემდეგ ვიღებთ ბექინგს, ჩვენს შემთხევაში 0,25 ჩინური მონო და ამასაც ვათავსებთ წყალში. წნულის და მონოს შეერთება ხდება წვრილი კვანძით Albright. საკმაოდ საიმედო შეერთება გამოდის, სიმსხოშიც ისეთი უნდა იყოს რომ ქვივერში ადვილად გასრიალდეს. საჭიროება არაა, მაგრამ მე დამატებით ვასხამ ნახევარ წვეთ სპეციალურ კვანძის წებოს. ეს წებო გამოიყენება შოკ-ლიდერის შემთხევებშიც: Gardner Rig Glue. არ აზიანებს არანაირ ძუას და შეერთებას ურო საიმედოს ხდის.

540314c40a31.jpg

მოკლედ, გადავაბით ბექინგი და ვაგრძელებთ დახვევას და თან ვაკვირდებით მაქოს. დახვევას გავაჩერებთ ჩვენთვის სასურველ პოზიციამდე. ძუა უნდა იყოს მაქოს პირამდე ასული, ოღონდ უნდა დავიცვათ ოქროს შუალედი! ზედმეტად დახვევა არ არის საჭირო, რადგან შემდეგში თევზაობისას, კოჭას როცა გავხსნით ძუა არ ამოხტეს-ხოლმე თავისით. მე გავაჩერე კონუსურ ზოლამდე არ მისული 0,5მმ.

83e432fc9e14.jpg

ბექინგიც დავახვიეთ. ახლა ვხსნით ამ მაქოს, ვათავსებთ წყლიან ჭურჭელში და კოჭაზე ვამაგრებთ ჩვენს მეორე მაქოს, ეს ყველაფერი იმ მაქოდან აქეთ უნდა გადმოვიტანოთ.

c9d0ed970a65.jpg

შევეცადოთ რომ ძუა იყოს დაჭიმული და დახვევა გავაკეთოთ საშუალო ტემპით, არც ნელა და არც ძალიან ჩქარა. როცა გადმოვიტანთ ამ ყველაფერს აქეთ მაქოზე, მივიღებთ ასეთ სურათს:

d4a9448cbca8.jpg

12be37c4e533.jpg

1f0738482d13.jpg

მე კმაყოფილი ვარ! წნული იდეალურადაა დახვეული და ზუსტად საჭირო ზომაზეა მისული. შორი ტყორცნა გარანტირებულია :) ასე ვახდენთ სხვა ძუების დახვევასაც. შეეცადეთ შეიარაღებაში გქონდეთ სხვადსხვა სახეობის ძუები, რადგან არ ვიცით რა სიურპირზს გვიმზადებს წყალსატევი :)

e1af38aead8e.jpg

მაქოები უპატრონოდ არ დაყაროთ :D აუცილებლად შეინახეთ სპეციალურ ბუდეში, ასე უფრო უსაფრთხოდ იქნება ჩვენი ძუები. გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი კოჭა იმსახურებს ხარისხიან ძუას :)

NG Feedermen

ახალი თაობის ფიდერმენები

ავტორი: შალვა ალელიშვილი

ლინკი ფორუმზე: ლინკი

Share