მინდა გაჩვენოთ ინ-ლაინ მონტაჟის კიდევ რამდენიმე ვარიანტი, როგორიცაა ინ-ლაინი სკრუტკის გარეშე და ინ-ლაინი ფიდერ-გამით. რა თმქა უნდა, ეს ორივე მონტაჟი დაშვებულია სპორტულ შეჯიბრებებზეც. ზოგადად ინ-ლაინს იმიტომ ეძახიან სპორტულ მონტაჟს, რომ საკვებურა თავისუფლად მოძრაობს ძირითად ძუაზე, დაბრკოლებების გარეშე, რაც პირველ რიგში თევზის უსაფრთხოებისთვისაა გათვლილი და მეორე რიგში გვაძლევს უკეთეს მგრძნობიარობას ჩარტყმებზე (ამ მგრძნობიარობაზე ქვემოთ გვექნება საუბარი). სხვა მონტაჟებში კი საკვებურა ყრუდ არის ჩამაგრებული, თუმცა დღეს ჩვენ ამ მონტაჟებზე არ ვისაუბრებთ.

ინ-ლაინი ე.წ. სკრუტკის გარეშე

ზოგადად სკრუტკა საჭიროა იმისათვის, რომ გვქონდეს ხისტი კავშირი ძირითად ძუასა და სადავეს შორის, ანუ გააკეთოს სადავის გაყვანა. სკრუტკის ხვეულების გაკეთება მსხვილ შოკ-ლიდერზე ცოტა რთულია და არცაა საჭიროება (კვანძებიც მსხვილი გამოდის მერე). პირადად მე სკრუტკას ვაკეთებ მაქსიმუმ 0,25 – 0,26 დიამეტრის მონოზე, ხოლო 0,28 – 0,30 დიამეტრებზე სკრუტკა აღარაა საჭირო. აი, მივედით საჭირო ადგილას :)

თუ ძირითადზე გვიყენია წნული, მივაბამთ 0,28 – 0,30 დიამეტრის შოკ-ლიდერს სპეციალური შოკ-ლიდერის კვანძით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მსხვილი დიამეტრები გვაქვს, კარგად იმუშავებს ფლუოროკარბონიც, თან გამოამჟღავნებს თავისი სიხისტის თვისებებს, რაც ძალიან წაგვადგება. მოკლედ, არჩევანი ჩვენზე და ჩვენს აღჭურვილობის სიმდიდრეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში შევაცურებთ საკვებურის ყუნწს (ან საკვებურს სოტვოდით), შემდეგ რეზინის სტოპერს და შემდგომ გავაკეთებთ კვანძს რვიანას, ისე რომ დავიტოვოთ საკმარისი სიგრძე მონტაჟის დასასრულებლად:

0c002e725eda.jpg

ახლა ვარჩევთ სიგრძეს რვიანას კვანძის ქვემოთ. სადავის მიბმის ადგილი სიგრძეში უნდა სცდებოდეს საკვებურის ბოლოს დაახლოებით 5-7 სმ. მონტაჟი დასრულებულია. აქ გვაქვს არჩევანი თუ როგორ მივაბათ სადავე ჩვენს მონტაჟს. ფოტოებზე ნაჩვენებია ორივე ვარიანტი: 1) ბოლოში მარყუჟი და სადავე წავა მარყუჟი-მარყუჟის პრინციპით და 2) გავაკეთებთ მსხვილ კვანძს, მაგ. რვიანა და სადავეს მივაბამთ სპეციალური კვანძით “უდავკა” (ვინც არ იცით მოიძიეთ узел удавка).

acd15e13ca72.jpg 7c24573041b6.jpg

ასე გამოიყურება დატვირთულ მდგომარეობაში. ვხედავთ, რომ მსხვილი დიამეტრის ხარჯზე სადავე აუცილებლად გავა გვერძე:

8d8fd77a19d3.jpg

ზოგადად ინ-ლაინი ძალიან მგრძნობიარე მონტაჟია სხვა ყრუ მონტაჟებთან შედარებით. აქ თევზი სატუარას აღების დროს საკვებურის სიმძიმეს ვერ გრძნობს, ვინაიდან საკვებურა, როგორც სიმძიმე, დევს ფსკერზე და მასში გატარებული ძირითადი ძუა და სადავე თავისუფლად მოძრაობს. მაგრამ მაინც მინდა ყურადღება გავამახვილო საკვებურის ოტვოდზე! რა განსხვავებაა, როცა 1) ძირითად ძუაზე საკვებური თავისივე ყუნწით ან სვიველ-კარაბინით გვაქვს დამაგრებული და 2) როცა ვხმარობთ ოტვოდს. პირველ შემთხვევაში, სატყუარას აღების შემდეგ თევზი მალევე გრძნობს საკვებურის სიმძიმეს, რაც გამოწვეულია საკვებურის ხისტი და მოკლე ყუნწის გამო. აი, მეორე შემთხვევაში კი მგრძნობიარობის დიდი უპირატესობა გვაქვს: ოტვოდის დამსახურებით ცალკე გასულ საკვებურის სიმძიმეს თევზი ვერ იგრძნობს ამ ოტვოდის სიგრძის პროპორციულად. ააწყვეთ მონტაჟი და ხელით გაამოძრავეთ ძირითადი ძუა, ყველაფერი ნათელი გახდება.

ინ-ლაინი ფიდერ-გამით

ფიდერ-გამს სპორტული წესები არ კრძალავს, მაგრამ როგორ გადავწყვიტოთ, როდის გამოვიყენოთ ფიდერ-გამი? ან გვჭრდება კი საერთდ? ამორტიზაციას ხომ გრძელი შოკ-ლიდერიც კარგად გააკეთებს? მაგრამ მთლად ასეც არ არის, ფიდერმენს ყველაფერი უნდა ჰქონდეს აღჭურვილობაში, რაც ფიდერს ეხება, მათ შორის ფიდერ-გამიც!
მოდით ჩავიხედოთ ფიდერმენის სადავეების ჩანთაში. ყველამ ვიცით რომ შეგვხვდება შემდეგი დიამეტრის სადავეები: 0,08-დან დაწყებული 0,18-ით დამთავრებული. აქცენტი მაინც წვრილ სადავეებზე კეთდება (0,08, 0,10, 0,11, 0,12) ვინაიდან სპორტული ტურის დროს წვრილი თევზი დიდ როლს თამაშობს. წვრილ თევზს კი წვრილი სადავე სჭირდება, ეს აქსიომაა! არ დაგვავიწყდეს ფლუოროკარბონის სადავეებიც (თან მათი ტესტი ხომ ყოველთვის გაცილებით დაბალია მონოსთან შედარებით). აი, ამ დროს გვჭირდება ფიდერ-გამი :)

ფიდერ-გამს აყენებენ ძირითად ძუასა და სადავეს შორის. მაგალითად, როცა ძირითადზე გვაქვს წვრილი წნული 0,08 ან 0,10 და სადავედ ვხმარობთ პატარა დიამეტრისა და ტესტის მქონე ძუას. ამ დროს ფიდერ-გამი კარგ, ეფექტურ ამორტიზაციას უკეთებს ჩვენს მონტაჟს: წნულის წყალობით გვაქვს შენარჩუნებული ჩარტყმების კარგი მგრძნობელობა და არც სადავის პატარა ტესტის გამო გვეშინია მისი გაწყვეტის. შევაცურებთ საკვებურას, შემდეგ კი რეზინის სტოპერს. ახლა წნული უნდა შევაერთოთ ფიდერ-გამის რეზინასთან (პრაქტიკაში ხმარობენ გამძლე ბისერის რეზინებსაც, ჩემს ილუსტრაციებში ნაჩვენებია 0,8 ბისერის რეზინა). რეზინის გამო შეერთება ყველაზე ეფექტური გამოდის რვიანას კვანძით, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ:

8d6dad8cd1f0.jpg

რვიანას კვანძი უნდა გაკეთდეს შემხვედრი მიმართულებით და არა ბოლოში ორივეს თანაბრად დაჭერით, როგორც ქირურგული კვანძი მაგალითად. ეს საჭიროა ფიდერ-გამის მიმართულების მისაცემად. მოკლედ გვაქსვ შემდეგი სურათი:

ceafd0e64ea5.jpg

ვარჩევთ ფიდერ-გამის სიგრძეს, დაახლოებით 25-35 სმ და ბოლოში ვუკეთებთ მარყუჟს სადავის გასაკეთებლად. მონტაჟი დასრულებულია.

6fab1a174130.jpg
0896039d9c02.jpg

აქ უნდა ითქვას ერთი დეტალი: ფიდერ-გამი, როგორც რეზინა, მაინცდამაინც კარგად ვერ ასრულებს სადავის გამყვანის როლს. შესაბამისად შედარებით მატულობს გადახლართვებიც. ამიტომ შეიძლება სკრუტკის ჩართვა მონტაჟში, მაგალითად ასე: წნულს მივაბამთ მონოს და გავაკეთებთ ჩვენთვის საჭირო სიგრძის სკრუტკას და ამის შემდეგ მივაბამთ ფიდერ-გამსაც. ვხედავთ, რომ სკრუტკამ შესამჩნევად უნდა გაიყვანოს გვერძე ჩვენი სადავე.

e9dc7f9cc7f2.jpg

28555f58118d.jpg

რეზიუმეს სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინ-ლაინი არის ამოუწურავი თემა. ზოგადად კი მეთევზე ყოველთვის თავისუფალია მონტაჟის ლავირებაში, იდეებში და ა.შ. მთავარია, ჩვენთან მოსული მსაჯის ნიშანზე, წყლიდან ამოღებული მონტაჟი ყოველთვის შეესაბამებოდეს ფიდერით სპორტული თევზჭერის წესებს :)

წარმატებული თევზაობისა და საუკეთესო სურვილებით,

ახალი თაობის ფიდერმენები
New Generation Feedermen

ავტორი: შალვა ალელიშვილი

ლინკი ფორუმზე: ლინკი

Share