გამარჯობათ!
როგორც იქნა გადავწყვიტე და გავხსენი ჩემი დღიურიც ვფიქრობ, აუცილებელია ჩანაწერების გაკეთება და რეპორტების წერა, არა აქვს მნიშვნელობა ეს გასვლა წარმატებული იყო თუ წარუმატებელი. ძალიან ინფორმაციულია და სასარგებლო სხვა, გამოცდილი სპორცმენების, ნააზრევისა და შედეგების წაკითხვა, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდი. მეც შევეცდები მომავალში მაქსიმალურად გავამდიდრო და ფოტოებიც თან დავურთო-ხოლმე ამ ყველაფერს
მინდა დავიწყო სულ თავიდან, იქიდან, თუ როგორ მივედი ფიდერამდე და რატომ შემიყვარდა თევზაობის ეს სტილი. როგორც ყველამ, მეც ბავშვობაში გამიტაცა თევზაობამ. მახსოვს, სოფლის ბიჭები როგორ ავიკიდავდით ბარგსა და ბარხანას და ბამბუკისა და თხილის ჯოხებით დავუყვებოდით მტკვრის ნაპირებს. ღორჯო, თეთრანა, ლურჯა ყოველთვის გვყავდა ნადავლში-ხოლმე… დაუვიწყარია ბავშვობა, თავისი ხალისიანი და ბედნიერი თავგადასავლებით!
ერთხელ იუთუბზე გადავაწყდი თენგო ბინიაშვილის ვიდეოს, სადაც ფიდერით წალკაში თევზაობდა; აგრეთვე, მახო და თენგო რომ აჯიბრებენ ფიდერს და კოპტონს, სადაც ფიდერი აშკარა უპირატესობით სარგებლობს. შემდეგ სხვა ვიდეოებს: კონდოლის კერძო ტბებზე მოზრდილი კობრების ჭერა, გიგა გაბრიაძის ღამის თევზაობა წვერაზე და ა.შ. დიახ, მეგობრებო, თქვენმა ენთუზიაზმმა და იმ ლამაზად დამონტაჟებულმა ვიდეოებმა შეგვაყვარეს ჩვენ ყველას ფიდერი! მინიმუმ დაგვაინტერესა მაინც! ამისათვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით და აქვე გთხოვთ, არ შეწყვიტოთ ვიდეოების გადაღება და მონტაჟი, ყოველთვის გამონახეთ ამისათვის დრო. სეზონზე თუნდაც 2-3 ეგეთი ვიდეო ალბათ რამდენიმე ასეული მეთევზის დაინტერესების ტოლფასი იქნება. ისეთი მეთევზეებისა, რომლებიც მინიმუმ ჯადო მონტაჟებზე მაინც იტყვიან უარს.
მერე როგორც ხდება, ჩავუჯექი ფორუმს, გადავიკითხე ყველაფერი, დავსვი ბევრი შეკითხვა-მიპასუხეს, შევიძინე ფიდერის აღჭურვილობა, რაც საჭირო იყო და დავგეგმე პირველი ვიზიტი ნადარბაზევზე. ეს ყველაფერი შარშან, 2015 წლის მაისში. საერთოდ ყველაფერი სიახლე იყო ჩემთვის, ესეთი პატარა დიამეტრების ძუებთან, სადავეებთან და ნემსკავებთან შეხება, წნულით თევზაობა, საკვებურები და ა.შ. ნადარბაზევზე მოვიწამლე 2 კილომდე პატარა კარჩხანა და საზანჩიკები დავიჭირე. აი, აქ დამერხააა ))) მთელი წელი ფიდერისთვის არ გამიშვია ხელი და ნელ-ნელა აღჭურვილობაც მთლიანად ფიდერზე გადაერთო. შარშან რამდენჯერმე ვესტუმრე ნადარბაზევს, ალგეთს. ვიყავის ჩემსკენ ჯავახეთში საღამოს ტბაზე, პატარა კერძო ტბებზე და მდინარეებზე.
პარალელურად სულ თვალყურს ვადევნებდი ფორუმს და მის სპორტულ ცხოვრებას. ფორუმელების შედეგები და რეიტინგები გასაოცარი იყო ჩემთვის. შემდეგ მეგობრობის თასზე ჩვენი გუნდის წევრების წარმატება პირად ჩათვლებში და ა.შ. რა თქმა უნდა, იყო არარეიტინგული ტურნირებიც, მაგრამ ვერ ვბედავდი გამოსვლას, ვფიქრობდი, ჯერ ადრე იყო ჩემთვის. ასე მიიწურა შარშანდელი სეზონი და დაიწყო ზამთრის ძილი. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მაღაზიებში ზამთრის ფასდაკლებებს ჩავუსაფრდებოდი ნელ-ნელა ყველაფერს შევიძენდი, რაც სპორცმენს ესაჭიროება. მომიწია ბევრი რამის გამოწერა. ასევე ამ პროცესების დროს ძალიან დიდი დახმარება გამიწია ანდრომ და მახომ, რისთვისაც საჯაროდ ვუცხადებ მათ მადლობას
მოკლედ, დავკომპლექტდი, დაიწყო 2016 წელიც, მაგრამ გუნდის პრობლემაა, სადაც ასევე მახომ ითამაშა დიდი როლი. გახსოვთ, მისი ერთ-ერთი პოსტი ფორუმზე, სადაც ფაქტიურად მოგვნათლა მე, გიო და პაატა ეს იდეა უცბად ავიტაცე, ბიჭებიც მონდომებულები ჩანდნენ და ახალი გუნდის შეკვრას წინ ვეღარაფერი დაუდგა! თან ჩვენ ხომ სამივე ერთი თაობის მეთევზეები ვართ, სამივეს ახალი ნასწავლი გვაქვს ფიდერი, შესაბამისად სახელის დარქმევაც არ გაგვჭირვებია – ახალი თაობის ფიდერმენები/New Generation Feedermen. ოჰოო, სერიოზულად ჟღერს! იმედია, გუნდი სახელივით ახალ სიტყვას იტყვის, ვნახოთ …
ძალიან მაგარი გუნდელები მყავს! გიორგი ტურნირებზე გამოცდილია და შარშანდელი ალიგატორების მიერ ჩატარებული ტურნირის გამარჯვებულია. პაატას კი თევზაობის და ტბების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ჩვენთან შედარებით. მოკლედ, ერთმანეთს ადვილად გავუგეთ, დავახლოვდით, გავუზიარეთ ერთმანეთს თუკი რამ ვიცოდით და დავიწყეთ ზრუნვა პირველ ტურზე. ეს იყო აპრილის ბოლოსთვის დაგეგმილი კუმისის პირველი ტური!
შალვა ალელიშვილი
ლინკი ფორუმზე: ლინკი